ამსტერდამის ხელისუფლებამ ქალაქის უმეტეს ნაწილში სასტუმროების მშენებლობა აკრძალა. მერიის მტკიცებით, ისინი „მოსახლეობას არაფერს მატებენ." ინფორმაციას ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი, NOS ავრცელებს.
ოთხი წლის წინ ახალი სასტუმროების გახსნის უფლება რამდენიმე უბანში შეიზღუდა, ახალი აკრძალვა კი თითქმის მთელ ქალაქს ეხება. ამ გადაწყვეტილებამ 20 000 ახალი სასტუმრო ნომრის აშენების გეგმას წერტილი დაუსვა.
ადრე სასტუმროების განთავსებაზე მუნიციპალიტეტი ნებართვას იმ შემთხვევაში გასცემდა, თუკი ზონირების გეგმაში ამის ადგილი იყო, ახლა კი მერიას შეუძლია, უარი თქვას თანამშრომლობაზე „ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ინტერესებიდან გამომდინარე“.
ახალი სასტუმროების მშენებლობა მხოლოდ იმ რაიონებში დაიშვება, რომელთა განაშენიანებაც მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში სასტუმროს უნიკალური კონცეფცია უნდა ჰქონდეს და სოციალური მეწარმეობის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
ამჟამად ამსტერდამში 40 000 ნომრის მქონე 533 სასტუმროა.
მუნიციპალიტეტს სურს, ტურისტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის პრობლემა გამკაცრებული რეგულაციებით გადაჭრას. აპრილიდან ამსტერდამელებს პორტალ Airbnb-ის მეშვეობით გაქირავებულ ოთახებზე დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ: ისინი უნდა დარეგისტრირდნენ და ასევე, თითოეულ მოიჯარეზე მუნიციპალიტეტს წინასწარ უნდა აცნობონ. ახალი წესების გამო, Airbnb-ის შეთავაზებები ამსტერდამში, მარტის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე, 16 648-დან 2924 -მდე შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ