წალენჯიხაში “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი იზრდება. ყოველ შემთხვევაში, იქ გადასახლებას გეგმავს პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ასევე მას მიჰყვება ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც.
მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში გადასახლების გეგმა გუშინ ზუგდიდში გამართულ აქციაზე გააჟღერა და ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ.
"ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად. მოვუწოდებ ბიზნესმენებს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიის ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა თვითმმართველობა. თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, როგორ უნდა იცხოვროს თავის ქალაქსა და სოფელში. და არა იმან, ვინც კაბინეტში შედის და იქიდან გვეუბნება როგორ უნდა ვიცხოვროთ. ის დრო დამთავრდა და ამის მაგალითია წალენჯიხა" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
დღეს დილით კი ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თემურ ჭყონიაც მიჰყვება. "დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა - "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ" - დაწერა ხაზარაძემ.
წალენჯიხა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზღვის დონიდან 222 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მას ქალაქი 1964 წელს ეწოდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით წალენჯიხაში 23 296 ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის სულ რაღაც 0.6%-ია.
2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რაიონში მცხოვრები 33.3% საარსებო შემწეობას იღებს. უფრო კონკრეტულად, სოცმომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, წალენჯიხაში სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას 7 766 ადამიანი იღებს, 2 098 ოჯახი. სოცმომსახურების ბაზაში კი რეგისტრირებულია 12 235 ადამიანი.