„საბედნიეროდ, მე არ ვარ ჯერ პოლიტიკაში და ვერსად გადავსახლდები,“-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ასე გამოეხმაურა პაპაშვილი ერთგვარ კამპანიას, რომელიც წალენჯიხაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის გადატანას შეეხება.
ცნობისთვის, წალენჯიხაში “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი იზრდება. იქ გადასახლება დააანონსა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მან წალენჯიხაში გადასახლების გეგმა გუშინ ზუგდიდში გამართულ აქციაზე გააჟღერა და ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ. დღეს დილით კი ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თემურ ჭყონიაც მიჰყვება. "დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა - "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ, ეგრევე ჩამოვალ" - დაწერა ხაზარაძემ.
„საბედნიეროდ, მე არ ვარ ჯერ პოლიტიკაში და ვერსად გადავსახლდები. ზოგადად, პოლიტიკური პროცესები ბიზნეს საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას, წარსულშიც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. ამდენად აქტიურად არ ვადევნებ თვალყურს რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, იშვიათად თუ მოვიკითხავ, მაგრამ მგონი მეტნაკლებად მსოფლიომ აღიარა ეს ბოლო არჩევნები, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი და უნდა მივყვეთ ამ პროცესებს. ვფიქრობ, ყველამ საკუთარ პოზიციაზე უნდა იშრომოს გულისხმიერად. მგონი ამ წუთას არ არის ისეთი სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში, რომ გადავაყოლოთ კიდევ ვინმეს და რამის ინტერესებს ეს ქვეყანა. ჩემი სურვილია ყველამ დაუთმოს ერთმანეთს, რაღაც ადგილები პარლამენტში, ადგილობრივ თვითმართველობაში გაინაწილონ, დაცხრეს პოლარიზაცია და დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ როგორმე სიტუაცია,“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირადად არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს. როგორც პაპაშვილი აცხადებს, ის უფრო ლოიალური კამპანიის მომხრეა - ვისაც უნდა აიცრება და ვისაც არა - არა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე, მიმართა ხელისუფლებას, სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღების თხოვნით. როგორიცაა: სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.