ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საქპატენტის თანაორგანიზებით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებსა და პროექტში ჩართულ ექსპერტებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის დასახვეწად. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შორის გაზიარებულ იქნა საქართველოში, აღსრულების სფეროში არსებული პრობლემატური საკითხები და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს პროექტის ექსპერტების მიერ მომზადებული საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის შედარებითი ანალიზის ანგარიშები, ასევე, განიხილეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადმინისტრაციული, სისხლის სამართლებრივი წესით და საბაჟოზე აღსრულების სახელმძღვანელო.
„EUGIPP-ის ფარგლებში მიმდინარე უფლებების აღსრულების კომპონენტი ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის გაძლიერებას, გარდა ამისა, აღსრულების პროცესში ჩართული ყველა რგოლის მიერ უფლებების აღსრულების ხარისხის გაუმჯობესებას, აღსრულების სისტემატიზებული, კოორდინირებული და ეფექტური პროცესის უზრუნველყოფას.
ღონისძიება საქპატენტის ოფისში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტისა და საქპატენტის წარმომადგენლებმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი - EUGIPP 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.