ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, არსებული ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე თუ ვერ აისახა ადეკვატურად, როგორც ველოდით, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ქვეყანაში ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.
„ინფლაციის ზრდის ტენდენცია არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ეს გლობალურია. კერძოდ, კოვიდ19-ის პანდემიის დროს მოხდა მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა. ამან გამოიწვია მიწოდების შემცირება, შესაბამისად, ფასების ზრდა. სხვა სიტყვებით, ეს გლობალური ტენდენციაა. მაგრამ ახლა ვნახოთ, ჩვენი სინამდვილე რა არის. სინამდვილე ის არის, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონით, ინფლაციის „პატრონი“ სწორედ ეს ინსტიტუციაა. თუმცა, ინფლაციას დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ მართავს, რადგან როგორც გითხარით, ეს პანდემიით გამოწვეული მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევით არის შექმნილი.
თუმცა, ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი მოქნილობა ინფლაციის მართვაში. მარტო იმის თქმა, რომ ინფლაცია შემცირდება ერთ წელიწადში, ან თუნდაც 6 თვეში, საკმარისი არ არის. მან უნდა იმოქმედოს უფრო აქტიურად ან კანონში შეიცვალოს ჩანაწერი და ნუღარ იქნება ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებელი. ჩვენი მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეკონომიკური ზრდა თუ ვერ აისახა ისე ადეკვატურად, როგორც ველოდით, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ქვეყანაში ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს, პაპავა პასუხობს: „საქმე იმაშია, რომ დღეს ამაზე მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა. ეს უკვე მოძველებული სისტემაა. ის არა მარტო საქართველოში, არამედ პრაქტიკულად ვერსად ამართლებს. ამიტომ, ამ სისტემის შეცვლაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ის ამოცანაა, რომელიც საქართველოს კომპეტენციას გარკეულწილად სცდება. ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდია. სავარაუდოდ, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შეცვლა გარდაუვალია. მე არ ვიცი, რამდენ ხანში მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორ შეიძლება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი გვქონდეს 3% და ინფლაცია აღწევდეს 13%-ს ?! მაშასადამე, ეს მექანიზმი არ მუშაობს.
რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციით და უფლებამოსილებით რაიმე პრინციპულ ცვლილებას ვერ განახორციელებს, სანამ გლობალურად არ შეიცვლება მიდგომები. თუმცა, ჩვენ რამდენი ხანია ვურჩევთ ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელობას, რომ თარგეთირების რეჟიმის შეცვლაზე დააყენოს საკითხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რადგან ეს სისტემა პანდემიის პირობებში, როგორც კარგად ვხედავთ, მით უფრო, არ მუშაობს“, - დასძინა ლადო პაპავამ.