"დარწმუნებით გეუბნებით 1-ლი დეკემბრიდან, რესტორნები და სხვადასხვა ბიზნეს სექტორი არ შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მათ "მწვანე პასპორტების" მექანიზმით ექნებათ გაწერილი, რადგან ეს მათ სარგებელს არ მოუტანს,"- ამის შესახებ "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო პირველ ეტაპზე ჯარიმების დაწესებას ვერ გაბედავს და მათ გარკვეულ დროს მისცემს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ 1-ლი დეკემბრიდან ჯარიმები არ და ვერ იქნება, რადგან სახელმწიფო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოამზადებს სექტორს "მწვანე კოვიდ პასპორტებთან" მიმართებაში. ჯარიმა რომც დაწეროს, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის,"- ამბობს შოთა ბურჯანაძე.