NBA-ს ხუთგზის ყველაზე ძვირად ღირებულმა მოთამაშე მაიკლ ჯორდანმა მდიდრული საათების ყიდვა-გაყიდვისა და გაცვლის პლატფორმა WatchBox-ის სტარტაპში ინვესტიცია განახორციელა.
„NBA-ს ჩემპიონის ექვსი ბეჭდის მქონე ჯორდანს საათებიც ჰყვარებია,“ - იუწყება CNBC.
სტარტაპ WatchBox-მა განაცხადა, რომ მან ბოლო საინვესტიციო რაუნდში 165 მლნ დოლარი შეაგროვა. ფილადელფიის ფარგლებს გარეთ ბაზირებულმა WatchBox-მა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, დღემდე 260 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მისი უახლესი შეფასების მაჩვენებელი არ გაამჟღავნა, ამ საკითხის მცოდნე ადამიანებმა CNBC-ის განუცხადეს, რომ სტარტაპი მილიარდ დოლარს უახლოვდება.
WatchBox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯასტინ რეისმა CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს კომპანიის სუფთა შემოსავალმა 300 მლნ დოლარს მიაღწია და მომავალში შესაძლოა, აქციების პირველად განთავსებას (Initial Public Offering-IPO) მიმართოს.
WatchBox-ს უკვე 150 მლნ დოლარის ინვენტარი აქვს. კომპანია გამყიდველებისგან ძვირად ღირებულ საათებს ყიდულობს და შემდეგ ვაჭრობს ანუ ახდენს პროდუქციის ავთენტიფიკაციას და მათ კოლექციონერებსა და სხვა მყიდველებზე ყიდის, რა დროსაც ტრანზაქციის საკომისიოსაც იღებს.
„ჩვენ მომხმარებელთა კონსულტანტებიც გვყავს, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, თქვენი საათების პორტფოლიო მართოთ,” - აცხადებს ჯასტინ რეისი.
CNBC-ის მონაცემებით, ძვირადღირებული საათების მეორადი ბაზარი ყვავის, რადგან ტოპ მწარმოებლები, როგორიც არის Rolex და Richard Mille, კოლექციებზე დეფიციტის წარმოქმნის ასაცილებლად, მიწოდების გაზრდას თავს არიდებენ. ეს მდიდრული საათების კომპანიებს საშუალებას აძლევს, მეორად ბაზარზე თავიანთი ღირებულება შეინარჩუნონ, მითუმეტეს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე.
Morgan Stanley-ის მონაცემებით, Rolex-მა გასულ წელს 810 000 საათი გაყიდა, Patek-მა კი - 53 000, Audemars-მა - 40 000 საათი, ხოლო Richard Mille-მა მხოლოდ 4300.
საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ის შეფასებით, საკუთრებაში არსებული საათების ხელახლა გაყიდვებმა 2019 წელს 18 მლრ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლისთვის შესაძლოა, 32 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს. ფირმის პროგნოზით, 2025 წლისთვის საკუთრებაში არსებული საათების გაყიდვები ახალი საათების საცალო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, დღეს კი მას ბაზრის ერთი მესამედი უკავია.
ჯასტინ რეისის თქმით, WatchBox ბაზარზე, შემოსავლის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი პლატფორმაა და კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა შექმნის დღიდან მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
WatchBox მიზიდული თანხით ციფრულ პლატფორმას გააფართოვებს, ასევე, ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, მაიამიში, ჰიუსტონსა და დალასში კოლექციონერებისთვის სალონებს გახსნის. WatchBox-ის საერთაშორისო წარმომადგენლობა მოიცავს დუბაის, ჰონგ კონგსა და შვეიცარიას. ჯასტინ რეისის თქმით, კომპანიას სურს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს 40 ბაზარზე გავიდეს.
„მაიკლ ჯორდანთან ასოცირება WatchBox-ის ბრენდს სხვა პლატფორმებთან კონკურენციის გაწევაში დაეხმარება,“ - აცხადებს ჯასტინ რეისი.
58 წლის ჯორდანი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენია, რომლის ქონებაც Forbes-მა 1,6 მლრდ დოლარით შეაფასა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ