Tesla-მ ჯერ არგამოცემულ ელექტრო პიკაპზე 80 მილიარდი დოლარის შეკვეთა მიიღო

კომპანია Tesla-ს რეკორდული შეკვეთები დაუგროვდა, მის ჯერ კიდევ არგამოსულ მოდელზე Cybertruck. როგორც Electrek-ი წერს, ამ ელექტრო პიკაპის პრემიერიდან ორი წლის თავზე კომპანიას ამ მოდელის 1,27 მლნ ერთეულზე აქვს შეკვეთა, ისე რომ თითო შემკვეთმა ჯავშნის სახით 100 დოლარი გადაიხადა. უცნობია ყველა მათგანი საბოლოოდ იყიდის თუ არა მას, თუმცა, ფაქტია, რომ მოდელზე უკვე დეპოზიტის სახით შესულია 127 მლნ დოლარი.

თუ ყველა დეპოზიტდადებული 1,27 მლნ Cybertruck გაიყიდება, Tesla-ს შემოსავალი 80 მლრდ დოლარს მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ პიკაპის წარმოება აქამდე არაერთხელ გადადეს, ამ მოცულობის შეკვეთის შესრულებას კომპანია წლებს მოანდომებს. რამდენი რეზერვაცია დასრულდება საბოლოო შენაძენად, უცნობია, ისევე როგორც მათი მიწოდების ვადები.

ბოლო მონაცემებით, ავტომობილის მასიური წარმოება 2023 წელს დაიწყება. მისი სასტარტო ფასი 39 900 დოლარიდან დაიწყება და სხვადასხვა მოდიფიკაციის შესაბამისად, 49 900 და 69 900 დოლარი ეღირება.

კოკა კვირკველია