ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ Investment Monitor-ის ეკონომიკური ზონების მდგრადი აღდგენის სტრატეგიების დაჯილდოებაზე აღიარება სამ კატეგორიაში მოიპოვა, ერთ-ერთ მათგანში კი მას ჟიურიმ მთავარი ჯილდო მიანიჭა. გამარჯვებულები Barcelona New Economy Week-ის ვირტუალურ დაჯილდოებაზე ოქტომბერში გამოვლინდნენ.
Investment Monitor გავლენიანი საერთაშორისო გამოცემაა. მან პროექტზე Barcelona New Economy Week-სა და Barcelona Zona Franca-სთან ერთად იმუშავა. დაჯილდოების მიზანი იყო მსოფლიო მასშტაბით შეეფასებინა ის ეკონომიკური ზონები, რომლებმაც განსაკუთრებით ეფექტიანად შეძლეს COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან გამკლავება, სწორი პოლიტიკითა და რეგულაციებით შეინარჩუნეს მდგრადობა და ხელი შეუწყვეს მათ ზონებში მოქმედ ბიზნესკომპანიებს განვითარებაში.
კატეგორიები, რომლებშიც ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ მოიპოვა წარმატება
მთავარი ჯილდო მან რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერის (Aftercare Support) კატეგორიაში მიიღო. ჟიურის შეფასებით, ჰუალინგის თიზ-მა პოსტ-კოვიდურ პერიოდში კომპანიებს შესთავაზა ფინანსურად მასტიმულირებელი, სამართლებრივი, ანალიტიკური თუ საკონსულტაციო სერვისები. ასევე, სპეციალური წახალისების პროგრამები, რომლითაც მის ზონაში მოქმედ კომპანიებს ეხმარება წარმოების განვითარებაში, მენეჯმენტის ოპტიმიზაციასა და ფინანსური რესურსების მოძიებაში.
ჰუალინგის თიზ-მა მეორე ადგილი დაიკავა პანდემიის შედეგების შემამსუბუქებელი პაკეტების (Covid relief packages) კატეგორიაში. კომპანიამ თავის მოიჯარეებს ოპტიმიზირებული მექანიზმები შესთავაზა, რომელთა საშუალებითაც არსებითად შეუმსუბუქა მათ პანდემიის პერიოდში ოპერირება.
საპატიო მოხსენიება ხვდა წილად ჰუალინგის ჯგუფს და ჰუალინგის თიზ-ს მდგრადობისა და ESG-ის ანუ გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის ეფექტურობის კატეგორიაში. ჟიურიმ აღნიშნა, რომ კომპანია მაქსიმალურად არის ორიენტირებული გარემოს მდგრად განვითარებაზე.
ეკონომიკური ზონის მდგრადი აღდგენის სტრატეგიების დაჯილდოებაში მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკური ზონები იღებდნენ მონაწილეობას. მის მთავარ გამარჯვებულად კოსტა რიკას Coyol Free Zone დასახელდა, ხოლო მეორე ადგილი პოლონეთში არსებულ Łódź Special Economic Zone-ს ხვდა წილად. სხვადასხვა ქვეკატეგორიებში დაჯილდოვდნენ, ასევე, ლიეტუვას, ლატვიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნის ეკონომიკური ზონები.
„ჰუალინგის თიზ-მა ამ წარმატებას ოპერირების სულ რაღაც მე-5 წლისთავზე მიაღწია, მაშინ, როდესაც დაჯილდოებაში მონაწილე სხვა ზონებს მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. ამავდროულად, ჩვენს წარმატებას კიდევ უფრო დადებით ელფერს სძენს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით მსოფლიოში 3000-ზე მეტი თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფუნქციონირებს“, – განაცხადა ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ.
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამომავლო გეგმები
ჰუალინგის თიზ-ი პანდემიის მიუხედავად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და თამამი სამომავლო გეგმები აქვს. ბევრი შეჩერებული პროექტი უკვე განახლდა. ამასთან ერთად, თიზ-მა გააფორმა ახალი ხელშეკრულებებიც. 2022 წლიდან უკვე დაიწყება გადამამუშავებელი პროექტების განხორციელება, მათ შორის, სამშენებლო მასალების, ხისა და ავეჯის ინდუსტრიაში.
ფართოვდება თიზ-ის ტერიტორიაც. ის 22 ჰექტრით გაიზრდება და მასზე დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამ ნაბიჯით, ჰუალინგის მიზანია, საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბისა და ხარისხის სტანდარტები შესთავაზოს კომპანიებს, როგორც ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის, ისე სერვისების მრავალფეროვნების თვალსაზრისით. განახლებული საზღვრებითა და ინფრასტრუქტურით თიზ-ი თავის კომპანიებს 2022 წლიდან მოემსახურება.
უკვე სრულდება მსხვილი საინვესტიციო პროექტიც, რომელიც წყალტუბოს 220 ვტ-იანი ქვესადგურიდან ჰუალინგის თიზ-ში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მოწყობას გულისხმობს.
„ეს პროექტი ჰუალინგის ინიციატივითა და დაფინანსებით განხორციელდა. შედეგად, შევძლებთ ზონაში მოქმედ კომპანიებს ჩვენვე შევთავაზოთ საწარმოო დანიშნულების ელექტროენერგია და, რაც მთავარია, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად“, – ამბობს სოსო ნიბლაძე.