წარსული ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომელსაც ვეღარ ვაკონტროლებთ და ვერ ვცვლით, მომავალი ჯერ მხოლოდ გეგმებია, ხოლო აწმყო არის სწორედ ის, რაც მთლიანად ჩვენს ხელშია და ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
როგორ დავინახოთ აწმყოს რეალური ძალა და გავიუმჯობესოთ ცხოვრება? როგორ მოვიქცეთ აწმყოში ისე, რომ უკეთესი მომავალი გვქონდეს? ამ კითხვებზე პასუხს გვაძლევს ეკჰარტ ტოლეს ბესტსელერი „აწმყოს ძალა“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ქართულ ენაზე გამოიცა. წიგნმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, აწმყოს მიმართ შეხედულებებსა და დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა იქონია, ამიტომ გირჩევთ, ბესტსელერის წაკითხვის შანსი არც თქვენ გაუშვათ ხელიდან.
წიგნის კონსულტანტი, ქოუჩი, ტრენერი და HR სპეციალისტი ნინო ბერუაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, თუ რა მთავარი მიგნებებს გვიზიარებს ეკჰარტ ტოლე თავის წიგნში და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წაკითხვა.
რა არის ეკჰარტ ტოლეს „აწმყოს ძალის“ მთავარი მიგნება, რის გამოც მნიშვნელოვანი იყო წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა?
„აწმყოს ძალის“ მთავარი მიგნება გვეხმარება ყოველდღიური ცხოვრების უფრო მეტად დაფასებაში. კერძოდ, მთავარი არის იმის გაცნობიერება, რომ ერთადერთი ხელშესახები რამ, რაც გვაქვს, ის მომენტია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. თუმცა, თუ დააკვირდებით საკუთარ აზრებს, დაინახავთ, რომ დღის უმეტეს ნაწილში ჩვენი გონება სავსეა წარსულზე სინანულით ან მომავალზე შფოთვით. წარსულში მომხდარი მოვლენები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, მომავალი კი სავსეა დაპირებებით, რომლებიც სულაც არ არის ხელშესახები და ილუზიებითაა სავსე. როდესაც ვახერხებთ აწმყო დროში სრულად ცხოვრებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვგრძნობთ აწმყოს ძალას სრულად და წიგნის მთავარი მიგნებაც სწორედ ესაა.
წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის მკითხველს ცხოვრების რადიკალურად შეცვლის უნარს სძენს. რა იგულისხმება ამაში? პიროვნული ან კარიერული განვითარება თუ ცხოვრების სტილი?
ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, ცხადია, არ გულისხმობს ცვლილებას ჩვენი ცხოვრების მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროში. ადამიანი ჰოლისტური არსებაა და, შესაბამისად, ჩვენი პიროვნული ცვლილება იწვევს შედეგებს ყველა სფეროში, იქნება ეს კარიერული, პირადი, სოციალური თუ სხვა. ეკჰარტ ტოლეს მიერ შემოთავაზებული ფილოსოფია კი გვთავაზობს ვიცხოვროთ უფრო მეტად სავსე ცხოვრებით, ამ სისავსეს კი აწმყოს მომენტის სრულად გააზრება და შეგრძნება განაპირობებს.
ტოლეს მიხედვით, როგორ არის შესაძლებელი ტანჯვის მდგომარეობიდან მუდმივ სიმშვიდეში გადასვლა?
ძირითადად ჩვენს სიმშვიდეს არღვევს წარსულზე სინანული ან მომავალზე შფოთვა... თუ საკუთარ თავს დავაკვირდებით, აწმყო დროში ძალიან ცოტაა ისეთი სიტუაცია, რომელიც უშუალოდ იწვევს დისკომფორტსა და ტკივილს. შესაბამისად, თუ ჩვენ მოვახერხებთ აწმყო დროში სრულად ცხოვრებას და გავთავისუფლდებით იმ მტანჯველი აზრებისგან, რომლებიც ჩვენს წარსულსა და მომავალს უკავშირდება, მოვახერხებთ, გავხდეთ უფრო მეტად მშვიდი და ჩვენი ცხოვრების ცვლილების სადავეებიც ხელში ავიღოთ.
როდესაც სრულად აწმყოში ვცხოვრობთ, შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ რას გვინდა, რომ ვგრძნობდეთ, ვაკეთებდეთ... ,,აწმყოს ძალა“ კი არაერთ ისეთ რეკომენდაციას გვთავაზობს, რომელიც დაგვეხმარება გაცნობიერებულ, პიროვნული არჩევანით სავსე ცხოვრებაში და რომელიც ძალიან გამოგვადგება, თუ შევძლებთ მის სწორად გამოყენებას ცხოვრებაში.
როგორ პასუხობს „აწმყოს ძალა“ თანამედროვეობის გამოწვევებს: გადატვირთულ ცხოვრების რეჟიმს, მუდმივ სტრესს, შფოთვას და სხვა?
თანამედროვე გამოწვევები ჩვენ ყველას გვაიძულებს გადავიდეთ ბრძოლის რეჟიმზე, რათა გავუმკლავდეთ გადატვირთულ გრაფიკს, დაძაბულობას და მისგან გამოწვეულ შფოთვას. ტოლეს აზრით, ერთ-ერთ ყველაზე უსარგებლო რამ ჩვენი შინაგანი ბრძოლაა არსებულ სიტუაციასთან. ამიტომ მისი აზრით, საუკეთესო გზა ახლანდელი ცხოვრების სრულად მიღებაა, ხოლო შემდეგი ნაბიჯი მის ხელახალ შექმნას გულისხმობს განახლებული ენერგიითა და შინაგანი სიმშვიდით.
პირადად თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ „აწმყოს ძალის“ პირველად წაკითხვის შემდეგ?
ჩემთვის ეს წიგნი შთაგონებაა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სავსე ცხოვრებით, როგორ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, პროაქტიულად დავგეგმოთ ცვლილებები. ამ ყველაფერს შეუძლია მოგვიტანოს სისავსის, სიხარულისა და პროდუქტიულობის გრძნობა. ეს კი ის გრძნობაა, რომლისთვისაც ნამდვილად ღირს ცხოვრება.
(R)