ქართული ავიაკომპანია Air Georgia პირველი კომერციული რეისების შესასრულებლად ემზადება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ფრენების დაწყება უკვე დღეების საკითხია და უახლოეს მომავალში პრეზენტაციაც გაიმართება.
„ორი დიდი პროექტი გვქონდა დაანონსებული. აქედან, ერთი ფინიშთანაა. დროში ძალიან გაიწელა პანდემიის გამო. როცა ავიაციის სააგენტოში ლიცენზიის აღება მოვინდომე, ზოგს კოვიდი დაუდასტურდა, ზოგი დისტანციურზე გადავიდა და ფრენის დაწყება ბიუროკრატიული საფეხურების გამო გაიწელა დროში. პროექტი მალე განხორციელდება, თვითმფრინავის შემოყვანა დღეების საკითხია. ფრენები განხორციელდება ჰონგ-კონში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ევროპის მიმართულებით.
რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენს კონტინენტზე ფრენის დაწყების შემდეგ უნდა გავუგზავნოთ წინადადება შტატებს, ამაში ჩართულია ჩვენთან აშშ-ს საელჩოც. ოპტიმისტური გეგმით, ფრენები საქართველოდან შტატების მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება. უკვე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია ამ დღეებში შედგება, რომელზეც იმედი გვაქვს ქალბატონი ელჩი, კელი დეგნანიც იქნება“,- განაცხადა კოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
Air Georgia-ს დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი დაპაუზებულია.
„რაც შეეხება 320 ეარბასს, რომლითაც ქუთაისიდან უნდა გვეფრინა, ისევ დაპაუზებულია. შეუძლებელია როგორც ვიზიარს ეხმარებიან ანალოგიური ხელშეწყობის გარეშე რამე გამოვიდეს. ამიტომ, პროექტი კვლავ დაპაუზებულია“- განუცხადა კოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.