ავსტრალიის შტატ ქუინსლენდში მიწა კრიპტოვალუტაზე პირველად იყიდება. ოჯახი, რომელიც 65 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, 30 ბიტკოინს ან 440 ეთერიუმის მონეტას ითხოვს.
ABC News-ის ცნობით, გასაყიდ ტერიტორიას ერთი და იმავე ოჯახის რამდენიმე თაობა ფლობდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი, ჯონ დე კოსტა აცხადებს, რომ ამ ადგილის 2,2 მლნ დოლარად გაყიდვას ხუთი წლის განმავლობაში ცდილობდა. 65,5 ჰექტარი ფართობის Aquila Cove მარჯნის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ მაკეიდან სამხრეთით, 100 კილომეტრზე მდებარეობს.
დე კოსტამ გადაწყვიტა, ქუინსლენდში და მთელ ავსტრალიაში ერთ-ერთი პირველი გამხდარიყო, ვინც მიწას კრიპტოვალუტაზე გაყიდის. ის ასობით მეტრის ქვიშიანი ტროპიკული პლაჟის მქონე ტერიტორიაში 30 ბიტკოინს ან 440 ეთერიუმის მონეტას ითხოვს, რაც ამჟამინდელი კურსით, ბიტკოინზე 1,463 მლნ დოლარი, ეთერიუმზე კი 1,765 მლნ აშშ დოლარია.
მფლობელი ვარაუდობს, რომ მისი ტერიტორიის მყიდველი შესაძლოა, საერთაშორისო ინვესტორი ან ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც „COVID-19-ის მსოფლიოში თავშესაფარს ეძებენ.“
ჯონ დე კოსტა მომარაგების კომპანიაში მენეჯერად მუშაობს და მან კრიპტოვალუტის შესახებ შვილისგან შეიტყო, რომელმაც ბიტკოინში ინვესტიცია, სავარაუდოდ, წარმატებით ჩადო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ