ნორვეგიის მთავრობა, კორონავირუსის ეპიდემიისა და ომიკრონის შტამის გავრცელების შეზღუდვის ფარგლებში, კვების ობიექტებში ალკოჰოლის რეალიზაციას კრძალავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორემ განაცხადა, რასაც ადგილობრივი პორტალი The Local ავრცელებს.
შესაბამისად, დღეიდან რესტორნებსა და კლუბებში ალკოჰოლის რეალიზაცია აიკრძალა.
„ქვეყანაში დაავადებათა სიხშირე სწრაფად იზრდება. ასევე, გვაქვს ახალი მონაცემები ომიკრონის შტამის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ის გავრცელდეს. ამდენად, სიტუაცია სერიოზულია და უფრო მკაცრ ზომებს მოითხოვს,“ - აცხადებს პრემიერი.
ნორვეგიამ ეპიდემიის შეკავების ზომების გამკაცრება გასულ კვირას დაიწყო. მთავრობამ სახლში შეხვედრების წესები, დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების მითითებები გაასაჯაროვა. კვების ობიექტებმა, სილამაზის სალონებმა და ზოგიერთმა სხვა დაწესებულებამ მომხმარებელთა კონტაქტები უნდა ჩაიწერონ. საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა არის რეკომენდირებული. სპორტული დარბაზები და აუზები ჯგუფურ მომზადებაში მონაწილეთა რაოდენობას ზღუდავენ.
მოქალაქეებს ურჩევენ, კონტაქტები და საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა შეზღუდონ, მოერიდონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ასევე, დამატებითი შეზღუდვები არის დაწესებული სკოლებში, ხოლო კომპანიები თანამშრომლების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას მოითხოვენ.
მთავრობა ამ ზომების გატარებას ოთხი კვირის განმავლობაში გეგმავს.
Politico-ს მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობით 5,3-მილიონიანი ნორვეგია, ომიკრონ შტამის დადასტურებული შემთხვევებით, ევროპაში პირველ ადგილზე რჩება. უკვე ინფიცირების 958 შემთხვევა არის გამოვლენილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ