რამდენიმე ქვეყანამ ირანული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი, ობისა ან დიდი რაოდენობით პესტიციდების ნარჩენების გამო აკრძალა. ამის შესახებ ირანის ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელმა, მოსტაფა დარაინეჯადმა განაცხადა, რომელსაც პორტალი, FreshPlaza ავრცელებს.
მისი თქმით, ინდოეთი, რუსეთი, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, კატარი და სხვა ქვეყნები ირანის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების მიერ გაცემულ სერთიფიკატებს აღარ იღებენ. მაგალითად, ინდოეთმა ირანული კივის იმპორტი მას შემდეგ შეაჩერა, რაც უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა გამოავლინა. ირანი მსოფლიოში კივის მეშვიდე მწარმოებელია. 2018 წელს მან 95 მლნ დოლარის 60 000 ტონა კივის ექსპორტი განახორციელა.
გასულ წელს ირანის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა 6,5 მლრდ დოლარი შეადგინა. ის არის 10 უმსხვილეს მწარმოებელთა შორის, რომლიც 20-ზე მეტი სახეობის ხილსა და ბოსტნეულს, მათ შორის ზაფრანას, ვაშლს, ციტრუსს, საზამთროს, ნესვს, ბროწეულს, ფინიკს, ფისტასა და კაკალს აწარმოებს.
ირანის ხილისა და ბოსტნეულის ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სტანდარტების დასაცავად ზომების გატარებას მოითხოვს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ