ბოლო 1 წელია, საქალაქთაშორისო მგზავრობა არ გაძვირებულა, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გაიზარდა საწვავის ღირებულება - ამის შესახებ ,,ბიზნსპრესნიუსთან“ საუბრისას „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს.
მისი თქმით, ფასის მატება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არც არის.
„მეორე ლოქდაუნის შემდეგ, თებერვლის ბოლოსათვის შევძელით გახსნა და ფასები მცირედით, 10%-ით მოვამატეთ. ამის შემდეგ საწვავის ფასი მუდმივად იზრდება, თუმცა ჩვენ ვერ ვამატებთ მგზავრობის ფასს. მიზეზი უცვლელია, არალეგალური კონკურენცია, რომელსაც ე.წ. ,,ხიშნიკები“ ქმნიან. მაგალითისათვის, თუ მგზავრის გადაყვანა ავტოსადგურიდან ღირს 10 ლარი, მათ 7-8 ლარად მიჰყავთ, რადგან არ იხდიან არავითარ გადასახადს და ჩვენთან შედარებით ტრანსპორტირება 20-25%-ით ნაკლები უჯდებათ.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასებს და უახლოეს მომავალში გაზრდა არ იგეგმება. შეიძლება, ერთი და ორი დღე იმუშაონ მძღოლებმა ზარალზე, მაგრამ ერთი თვე და ერთი კვირაც კი არ გრძელდება ეს გადაბმულად. ამიტომ გაძლებაზე ვართ, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით“- განაცხადა ნესტორ მიქატაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.