ჰორიზონტი ევროპა: საქართველოში კვლევისა და ინოვაციების განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები

“ჰორიზონტი ევროპა” არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების წამყვანი პროგრამა რომლის ბიუჯეტიც 95,5 მილიარდი ევროა. საქართველო 2021 წლის 7 დეკემბერიდან არის ჩართული ამ პროგრამის განხორციელებაში. საგრანტო სახის დახმარებებს კვლევისა და ინოვაციების დარგში არსებული პროექტები შვიდი წლის მანძილზე მიიღებენ. ევროპის მასშტაბით, კონკურენციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ამ გამოწვევის საპასუხოდ საპროექტო წინადადებების შედგენისა და კვლევითი ქსელების შექმნის მიზნით, რეგულარულად ტარდება ტრენინგები.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ა.წ. 14 და 15 დეკემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტთან თანამშრომლობით, უმასპინძლა ტრენინგებს “ჰორიზონტი ევროპაში” მონაწილეობის მისაღებად საპროექტო წინადადებების მომზადების შესახებ, რომელიც ქართველი მეცნიერებისთვის ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ჰერბერტ ჰაუბოლდი, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. აღსანიშნავია, რომ მისი ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელდა მრავალი პროექტი და ამჟამადაც, ის ჩართულია მსგავსი სახის ინიციატივების განხორციელებაში.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 350-ზე მეტმა მონაწილემ, რაც სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ კვლევების კონსორციუმებში მონაწილეობის სურვილის მზარდი მაჩვენებელია.

reklama-1640156912.png

“გლობალური ეკონომიკის პირისპირ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი მეცნიერული აღმოჩენებისა და ინოვაცნების განვითრებას. ამ მხრივ, დიდ როლს შეასრულებს ევროპის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამაში Horizon Europe-ის ჩართვა. საპროექტო წინადადების წერაში, ტერენინგები საგრძნობლად შეუწყობს ხელს ჩვენს სამეცნიერო წრეებს და ორგანიზაციებს, რათა უფრო მეტად მომზადებულები შეხვდნენ პროგრამა “Horizon Europe”-ს, რომელიც მძლავრი ინსტრუმენტია მათი შესაძლებლობების განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის.” -აღნიშნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ.

“ჰორიზონტი ევროპა” ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს მოქალაქეთა პოტენციალი, რათა უზრუნველყოს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის ეფექტური თანამშრომლობა. სხვადასხვა დისციპლინებსა და აუდიტორიასთან ურთიერთობების დამყარების უნარი ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და ინოვაციების განვითარებას.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელი შევუწყეთ დიალოგს და აზრთა გაცვლას საქართველოს სხვადასხვა დარგის მეცნიერებს შორის. დღეს, როგორც არასდროს, ძალზე მნიშვნელოვანია განსხვავებული დარგის მეცნიერებებს შორის თანამშრომლობა, რადგან ის ხელს უწყობს სხვადასხვა სამეცნიერო მიდგომების, კომპეტენციების, მეთოდების და უნარების გაერთიანებას რთული ამოცანების გადასაჭრელად. ინტერდისციპლინურობის მეშვეობით წარმოიშობა მეცნიერული აღმოჩენები ახალი იდეებისა და ცოდნის გაზიარებით.“-აღნიშნა ინეს გავარანემ, დაძმობილების პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა.

პროგრამა“ჰორიზონტი ევროპა-ში მონაწილეობა კვლევისა და ინოვაციების მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. პროგრამა ემსახურება თანამშრომლობის, კვლევისა და ინოვაციების გავლენის გაზრდას გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების და მათთან გამკლავების თვალსაზრისით. იგი მხარს უჭერს ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნას და გავრცელებას. ჰორიზონტი ევროპა პასუხობს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ეხმარება გაეროს, მდგრად განვითარებაში, ასევე, ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას.

წინამდებარე პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით, რაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის პარტნიორები.

(R)