სარკინიგზო მარშრუტი ისლამაბადი-თეირანი-სტამბოლი ამოქმედდა

პაკისტანმა, ირანმა და თურქეთმა სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადეს სარკინიგზო საკონტეინერო მარშრუტის აღდგენის შესახებ, რომელიც აკავშირებს ისლამაბადს, თეირანსა და სტამბოლს. როგორც გაზეთი Gulf News წერს, სატვირთო ვაგონების პირველი ეკიპაჟი პაკისტანის დედაქალაქიდან 21 დეკემებრს დაიძრა.

„სარკინიგზო გადაზიდვები მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთების გადაზიდვებს პაკისტანიდან თურქეთში, რომელიც ჩვეულებრივ ზღვით 30 დღეს საჭიროებს. მატარებლით კი ამ მარშრუტის დაძლევას ეკიპაჯი 12 დღეს მოანდომებს და ამასთან, პაკისტანს წლიურად 32 მლნ დოლარის შემოსავალს მოუტანს“, - განაცხადა სატვირთო კომპანია Maxtelz Logistics-ის ხელმძღვანელმა გოარა ზიამ.

მარშრუტის სიგრძე 6656 კმ-ია. მან მიიღო სახელწოდება ITI (Islamabad - Tehran - Istanbul). ის პირველად 2009 წელს ამოქმედდა, მასზე რამდენიმე სატესტო მატარებელმა გაიარა, თუმცა რეგულარული სერვისის ამოქმედება მაინც ვერ მოხერხდა და მისი მუშაობა სრულად შეწყდა.

თურქეთის ხელისუფელბამ აღნიშნულ მარშრუტს აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტი უწოდა. ამ მარშრუტზე შეერთების მზაობა გამოთქვეს ინდოეთმა და ბანგლადეშმაც.

კოკა კვირკველია