სემინარი, საქართველოში სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის  შესახებ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის  მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერების დაძმობილების პროექტის ორგანიზებით ჩატარდა

სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესის შესახებ სემინარი ა. წ. 21 დეკემბერს ჩატარდა. სემინარის ორგანიზატორები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ევროკავშირის მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერების დაძმობილების პროექტი გახლდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები. სამომავლოდ იგეგმება სემინარების სერიის ორგანიზება შერჩეული თემატური სფეროს დაინტერესებულ მხარეებთან.

“მეცნიერული თვალსაზრისით, ჩატარებული სემინარი არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დააახლოვებს ქართველ და ევროპელ მეცნიერებს, გააძლიერებს და გააღრმავებს მათ ცოდნასა და გამოცდილებას. მეცნიერული კვლევების განვითარების მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველი მკვლევრების ინტეგრაციას ევროპაში”-აღნიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.

სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა ხელს უწყობს პროდუქტიოულობის გაზრდას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ეროვნული კეთილდღეობის გაუმჯობესებას და სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვან გამოწვევებზე ყურადღების გამახვილებას. სამეცნიერო პრიორიტეტების საშუალებით, შესაძლებელი იქნება კვლევის შედეგების გადანაწილება დისციპლინების ფართო სპექტრზე. პრიორიტეტების განსაზღვრა შეიძლება განიმარტოს, როგორც მოლაპარაკების პროცესი, რომელშიც სხვადასხვა მონაწილე პირები და დაინტერესებული მხარეები ცდილობენ შეთანხმდნენ საერთო მიზნებსა და ამოცანებზე.

„ნებისმიერი სახელმწიფოს სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრისას აუცილებელია იმ ეროვნული მნიშვნელობის გამოწვევების გათვალისწინება, რომლებიც ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე დგას. უპირველესად, ესაა თანამედროვე კვლევები და ტექნოლოგიები, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო ტექნოლოგიების, ასევე ბიოტექნოლოგიების მიმართულების განვითარება. ერთ-ერთი სტრატეგიული საკითხია ენერგოუსაფრთხოების, ენერგომატარებლების თემა. პრიორიტეტებს შორის სათანადო ადგილი უნდა დაიკავოს სოფლის მეურნეობის სფერომ, აგრარულმა მეცნიერებებმა. ამასთან, საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაციონალური უსაფრთხოების, დეოკუპაციის, დემოგრაფიისა და ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკას.“-აღნიშნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ.

პრიორიტეტების განსაზღვრა არის რთული და არსებითად პოლიტიკური პროცესი, რომელიც მოიცავს დაინტერესებულ მხარეთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მოქმედ პირთა მრავალფეროვნებას, რომელთა მოტივები და ქმედებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს დინამიური პროცესია და სამეცნიერო პრიორიტეტების გადახედვას უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, რათა სწრაფად მოხდეს რეაგირება ცვალებად ფაქტორებზე და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე .

„ექსპერტები გვთავაზობენ მეთოდოლოგიების გამოყენებას მეცნიერების იდენტიფიკაციისთვის, სადაც პროცესის ყოველი ეტაპი ეფუძნება დაინტერესებულ მხარეთა დიალოგს, რომელიც მიმართულია ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერული პრიორიტეტების იდენტიფიკაციის პროცესი წარმატებით განვითარდება დაინტერესებული მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე “- აღნიშნა ინეს გავარანემ, დაძმობილების პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა.

პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობა პროცესის ყველა ეტაპზე, რადგან ის ასევე დაკავშირებულია შეზღუდული რესურსების გამოყოფასთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის გასაუმჯობესების მიზნით.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მათ შორის მეცნიერების პროდუქტიულობის ანალიზის საფუძველზე, ერთ-ერთი პერსპექტიული თემატური სფერო საქართველოში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინოვაციური ჯანდაცვის სისტემა, სოფლის მეურნეობა, სურსათის წარმოება და ცირკულარული ეკონომიკა გახლავთ. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვისაც. მომდევნო სემინარები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მიეძღვნება აღნიშნული თემატური სფეროების განხილვას.

(R)