ჩაანბზიალა აშიყუს ჩიც! ამ სიტყვებით აფხაზები ერთმანეთს ახალ 2022 წელს მიულოცავენ. წინასაახალწლო მზადება კი ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლო კვირიდან დაიწყო.
ქალაქ სოხუმში მთავარ მოედანზე განთავსდა ნაძვის ხე, გაიხსნა საახალწლო სოფელი და სავაჭრო დახლები, ქუჩები კი სხვადასხვა დეკორაციებით გაფორმდა.
"ბიზნესპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ აფხაზეთში, სასტუმროების 90% უკვე დაჯავშნილია, ძირითადად რუსი ტურისტების მიერ, რადგან ყველაზე მეტი ვიზიტორი რეგიონს სწორედ რუსეთიდან ჰყავს.
აფხაზეთში დაწყებულია საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადებაც. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა - "გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთში "ომიკრონ" ვარიანტის შემთხვევა დადასტურებული არ არის, საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
"უკვე დაიწყო ღონსძიებებისთვის მზადება. გადაადგილება შეზღუდული არ არის და მთავრობა ტურისტებსაც ელოდება,"- ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, როგორც სხვა წლებში, წელსაც აფხაზეთს ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ეწვევა.
"რუსეთში გადაადგილება კოვიდ რეგულაციებისა და "ომიკრონის" გამო შეზღუდულია, შეზღუდვა ვრცელდება ფრენებზეც, რაც მოსალოდნელია რომ გაზრდის საახალწლოდ რუსების აფხაზეთში ჩასვლას, რადგან მათთვის პრიორიტეტული და მოსახერხებელია. თავის მხრივ აფხაზეთიც ელოდება რუს ტურისტებს,"- ამბობს ზაქარეიშვილი.