ნეო აკადემია (Neo Academy) ინოვაციური ციფრული აკადემიის სტარტაპია, რომლის მიზანიც მოსწავლეებში მომავლის ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლებაა. ამის შესახებ განცხადება Neo Academy-ის Facebook გვერდზე ვრცელდება.
აკადემიის პროგრამა თანამედროვე სასწავლო მეთოდებზე არის დაფუძნებული, ხოლო მისი სილაბუსი ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებასა და პიროვნულ უნარ-ჩვევებსაც უვითარებს. Neo Academy ტექნოლოგიების ისტორიის, აწმყოსა და მომავლის პერსპექტივის შემსწავლელ კურსს მოიცავს, რომელიც ინტერაქციულია და თამაშის ელემენტებით არის დატვირთული, რაც მოზარდებს მასალის საფუძვლიანად გააზრებასა და ათვისებაში ეხმარება. თემების ირგვლივ იმართება ონლაინ დისკუსიები.
„გუნდს აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების მენტორობის გამოცდილებაც. მათთან ურთიერთობის დროს კი გავარკვიეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე განათლებას სკოლა თითქმის არცერთ ქვეყანაში არ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ ჩვენს აკადემიაში მიღებული ცოდნა მათთვის ძალზედ საჭირო და საინტერესო აღმოჩნდა,“ - აცხადებს Neo Academy-ის თანადამფუძნებელი, მარიამ ლაცაბიძე.
მოზარდები 12 წლის ასაკიდან ონლაინ რეჟიმში ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას NFT-ს, ასევე, პროგრამირების საწყისების სწავლის მნიშვნელობა-გამოყენებაზე, ვირტუალური რეალობის დადებით მხარეებსა და სხვა ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.
„დისტანციური სწავლება ჩვენს გუნდს გვაძლევს შესაძლებლობას, გავუზიაროთ ცოდნა მსგავსი ინტერესის მქონე მოზარდებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ და ვქმნით სივრცეს, სადაც მოზარდები შეძლებენ, გაიჩინონ ახალი, საერთო, ჯანსაღ ინტერესებზე დაფუძნებული მეგობრული წრე, ერთად განიხილონ საინტერესო თემები და გამოიმუშავონ პიროვნებისთვის აუცილებელი თვისებები,“ - აცხადებს სტარტაპის მეორე დამფუძნებელი, ნია სიბაშვილი.
Neo Academy-ში მიაჩნიათ, რომ სკოლის მოსწავლეები მზად უნდა იყვნენ მომავლისთვის, იმისთვის, თუ როგორი იქნება სამყარო ხუთ წელიწადში. მით უმეტეს, Covid 19-მა შეცვალა მსოფლიო, გამოიწვია ტექნოლოგიური ურთიერთობების გაღრმავება და ცოდნის ციფრულად გაზიარების აუცილებლობა. დისტანციურმა სწავლებამ ყველა სფერო მოიცვა, რამაც უმეტეს შემთხვევაში გამოიწვია სწავლის ხარისხის დაცემა, თუმცა ტექნოლოგიების შესწავლა ზუსტად ის სფეროა, სადაც ეს მიდგომა რეკომენდირებულიცაა.
„ტექნოლოგიების განვითარებამ რიგ შემთხვევებში უკვე ჩაანაცვლა ადამიანი და 5 წლიან პერსპექტივაში ჩვენთვის ნაცნობ ბევრ სფეროში ადამიანის ჩართულობის ტრადიციული ფორმა შეიცვლება. ზუსტად ამიტომ ბავშვი მზად უნდა იყოს მომავალი სამყაროს გამოწვევებისთვის. მას უნდა ესმოდეს ყველა ის შესაძლებლობა და საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტთან, კვანტურ კომპიუტერთან, ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობასთან (VR,AR), ბლოკჩეინთან, ინფორმაციის გადაცემის თანამედროვე და პერსპექტიულ მეთოდებთან და ა.შ. ჩვენი აკადემია სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება,“ - აცხადებს Neo Academy-ის ლექტორი გიორგი სულაბერიძე.