ბოლო ორი კვირის განმავლობაში ,,თელმიკოსა“ და gwp-ის აბონენტებმა რამდენიმე ქვითარი მიიღეს. რამ გამოწვია გამანაწილებლების მხრიდან მსგავსი მიდგომა და გაზრდის თუ არა აღნიშნული მომხმარებლის ხარჯს, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ენერგოომბუდსმენმა განმარტა.
სალომე ვარდიაშვილის თქმით, ანათვალი მომხმარებლისგან არა ციკლურად, არამედ ერთი და იგივე დროს იქნება აღებული, სწორედ ამან განაპირობა დეკემბერ-იანვარში რამდენიმე ქვითრის მიღება, რათა ჩვენება გასწორებულიყო. აღნიშნული კი, მოსახლეობის ხარჯს არცერთ შემთხვევაში არ გაზრდის.
„სიახლე, გამოწვეულია აღრიცხვიანობის მეთოდის ცვლილებით, რაც გულისხმობს, რომ ,,თელმიკოს“, ასევე როგორც gwp-ს ჰქონდა ციკლური აღრიცხვიანობა, რაც გამოხატული იყო იმაში, რომ ყველა აბონენტისგან ერთ დროს ვერ ხდებოდა ციფრული ანათვალის აღება, ამ შემთხვევაში სრულიად შეიცვალა ეს წესი და უკვე იანვრიდან გამანაწილებლები აიღებენ ანათვალს ერთი და იგივე დროს მომხმარებლებისგან და ყველას ერთდროულად მიუვა გადახდის ქვითარი. ამიტომ მოხდა ისე, რომ მათ უნდა გაესწორებინათ ხარჯი დეკემბერში, შესაბამისად, ყველამ მიიღო ქვითარი ციკლურობიდან გამომდინარე, მაგრამ დეკემბრის დღეების გასასწორებლად მათ კიდევ ერთი ქვითარი მიუვიდათ 30 დეკემბერს.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კატეგორიის მომხმარებლისთვის, ქვითარი კიდევ ერთხელ გაიგზავნება იანვრის პირველივე რიცხვებში, იანვრის ბოლოს მიღებული ქვითარი კი ჩახურავს იანვრის მოხმარებას. ამის შემდეგ, ჩვენ აღარ გვექნება ასეთი ტიპის გაუგებრობა და რამდენიმე სახის ქვითარი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რამდენიმე სახის ქვითარი, არ ნიშნავს მომხმარებლისთვის გაზრდილ ხარჯს.
მიუხედავად იმისა, რომ ვეცადეთ ინფორმაცია მიგვეწოდებინა მომხმარებლისათვის, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ყველა ადამიანამდე ვერ მივიდა ცვლილების შესახებ სწორი ახსნა-განმარტება. ამიტომ, იანვრის ბოლომდე ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კამპანიას ამ მიმართულებით“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან“.