ტაილანდში „ლეონარდო დიკაპრიოს პლაჟი“ ტურისტებისთვის ისევ გაიხსნა

Reuters-ის ცნობით, ტაილანდმა თეთრი ქვიშის პლაჟი, Maya Bay (მაიას ყურე), მისი დახურვიდან 3 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ხელახლა გახსნა. ეს ადგილი ცნობილი გახდა 2000 წლის ფილმით, „პლაჟი," რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობს.

პლაჟი ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით დაიხურა, რადგან ყოელდღიურად ათასობით ვიზიტორი მასზე უარყოფითად ზემოქმედებდა. პლაჟი 100 მეტრის სიმაღლის კლდეებით არის გარშემორტყმული და ანდამანის ზღვაში, კუნძულ ფი ფი ლეჰზე მდებარეობს. ახლომდებარე ადგილებიდან, როგორიც არის პუკეტისა და ფი ფიფის კუნძულები, ასევე, მატერიკი კრაბი, პლაჟამდე მისვლა მხოლოდ ნავებით არის შესაძლებელი.

ხელისუფლებამ 2018 წელს Maya Bay საზოგადოებისთვის მთლიანად დახურა და განაცხადა, რომ მარჯნის რიფები და პლაჟის ტერიტორია მუდმივი ტურისტული აქტივობებით ზიანდებოდა. თუმცა ახალი წლის დადგომისთანავე ვიზიტორების გარკვეული რაოდენობას პლაჟზე დაბრუნების უფლება მიეცა.

„ზვიგენები დაბრუნდნენ, მარჯნის რიფები ხელახლა იზრდებიან და წყალი ისევ სუფთაა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბუნებას გამოჯანმრთელება შეუძლია, თუკი ამას დროს დავუთმობთ, ამიტომ ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, რომ ის ჯანსაღად შევინარჩუნოთ,“ - განუცხადა Reuters-ს ტაილანდის ტურისტული სამსახურის გუბერნატორმა, იუტასაკ სუპასორნმა.

ბუნების დაცვის მიზნით, ხელისუფლებამ შეზღუდვა დააწესა და პლაჟის მონახულების უფლება ერთდროულად მხოლოდ 375 ვიზიტორს ექნება, ცურვა კი ისევ აკრძალულია. ამასთან, ნავები მხოლოდ ყურის უკან დანიშნულ ადგილამდე შეცურავენ, რათა თავიდან აიცილონ მარჯნის რიფების დაზიანება.

კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე, ტურიზმი ტაილანდის ეკონომიკის, დაახლოებით, 12%-ს შეადგენდა და ეკონომიკის ზრდის მთავარ მამოძრავებელ სექტორს წარმოადგენდა. 2019 წელს ქვეყანამ 40 მილიონი ტურისტი მიიზიდა. თუმცა მასობრივი ტურიზმი ტაილანდისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ტროპიკულ პლაჟებზე გარემოს დაბინძურების ძირითადი ფაქტორია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ