სწრაფი კვების ქსელის, KFC-ისა და სათამაშოების მწარმოებელ Pop Mart-ის ერთობლივი აქცია ჩინეთში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩინელები საკვებ პროდუქტს სათამაშოების გამო ჭარბად ყიდულობენ და შემდეგ ყრიან. ამის შესახებ ჩინეთის მომხმარებელთა ასოციაციის (CCA) განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც BBC ავრცელებს.
ჩინურ Pop Mart-თან ერთად, ამერიკულმა ქსელმა, KFC-მა სარეკლამო კამპანია გასულ კვირას წამოიწყო. საკვების გარკვეული მენიუს შეძენის შემდეგ, მყიდველები Dimoo-ს თოჯინებით საჩუქრდებიან. Pop Mart ცნობილია თავისი იდუმალი ყუთებით და მომხმარებლებმა წინასწარ არ იციან, თუ რომელ თოჯინას მიიღებენ.
ჩინეთის მომხმარებელთა ასოციაციამ სარეკლამო კამპანია გააკრიტიკა. ასოციაციის განცხადებით, KFC „სათამაშოების საიდუმლო ყუთებს შეზღუდული რაოდენობით იყენებს, რომ მომხმარებლები აიძულოს, საკვები პროდუქტები არარაციონალური და გადაჭარბებული ოდენობით შეიძინონ, რაც სოციალურ ნორმებსა და კანონებს ეწინააღმდეგება."
CCA-ს მაგალითიც მოჰყავს, თუ როგორ დახარჯა ერთ-ერთმა მყიდველმა 10 500 იუანი (1 600 დოლარი) ერთდროულად 100-ზე მეტი საკვები ნაკრების შესაძენად, რათა სათამაშოები მიეღო. ამასთან, ზოგიერთმა მომხმარებელმა, პოპულარული თოჯინების მიღების მიზნით, საკვები კომპლექტები სხვა ადამიანებისთვის შეიძინა, ზოგიც ყიდულობდა საკვებს და იქვე ყრიდა. ამდენად, CCA-მ ჩინელ მომხმარებელს KFC-ის აქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა.
KFC-მა პოპულარული აქცია ჩინეთში პირველი დაწესებულების გახსნიდან 35 წლის იუბილეს აღსანიშნავად წამოიწყო.
2020 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ სურსათის ნარჩენების წინააღმდეგ მასიური კამპანია გააჩაღა. პრეზიდენტ სი ძინპინმა გადაყრილი საკვების რაოდენობას „შოკისმომგვრელი და საგანგაშო" უწოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ