მსოფლიოში დღესდღეობით უამრავი თემატური და გამორჩეული სასტუმროა, რომლებიც სტუმრების გაოცებას იწვევს. დღეს ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილის შესახებ მოგიყვებით.
Pairi Daiza ერთდროულად სასტუმროცაა და ზოოპარკიც, რომელიც ბელგიაში ბრიუსელთან ახლოს მდებარეობს. მას წლებია მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკის სტატუსი აქვს ცხოველებთან მოპყრობის კუთხით.
ზოოპარკის ცხოველებს საკმაოდ დიდი ვოლიერები აქვთ და ისინი მაქსიმალურადაა მიახლოებული მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს. შედეგად ცხოველები აქ თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ.
Pairi Daiza 1993 წელს დაარსდა და დღეს მასში 7 000-მდე ცხოველი ბინადრობს. სასტუმრო-ზოოპარკის სტუმრებს ისეთი ცხოველების ნახვის საშუალება აქვთ, როგორებიცაა, მგლები, დათვები, ზღვის ლომები, ვეფხვები და პოლარული დათვები.
ზოოპარკის განსაკუთრებულობას მისი უნიკალური მოწყობა წარმოადგენს, სადაც ვოლიერებთან ერთად სასტუმროს 100 ნომერია განთავსებული ისე, რომ სტუმრების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.
მინის ვიტრინები სასტუმროში მყოფ ადამიანებს საშუალებას აძლევს ცხოველების ცხოვრებას მთელი დღის განმავლობაში დააკვირდნენ, თანაც ისე, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნან.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ის სავსებით ადაპტირებულია ბავშვებისთვის და მათ საშუალებას აძლევს ველური ცხოველების ცხოვრებას დააკვირდნენ და დაუვიწყარი ემოციები მიიღონ.
რაც შეეხება სასტუმროში დარჩენის საფასურს, 4 ადამიანისთვის ერთი ღამის გატარება 370 ევროდან იწყება. ყველაზე ძვირი პოლარული დათვების ვოლიერებთან ახლოს მდებარე ნომრებია, რომლებიც 630 ევრო ღირს.