ინდონეზია დედაქალაქს იცვლის - ჯაკარტა იტბორება

ინდონეზიის ახალ დედაქალაქს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ კალიმანტანზე ჯაკარტადან გადაინაცვლებს, ნუსანტარა დაერქმევა, რაც „არქიპელაგს" ნიშნავს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული განვითარების დაგეგმვის მინისტრმა, სუხარსო მონოარფამ განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია Channel NewsAsia (CNA) ავრცელებს.

„პრეზიდენტისგან მივიღე დადასტურება და დირექტივა, რომ ახალ დედაქალაქს ნუსანტარა დაერქვას," - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, ეს სახელი იმიტომ შეირჩა, რომ მას დიდი ხანია, მსოფლიო იცნობს. გარდა ამისა, სახელი მარტივია და ინდონეზიას, როგორც არქიპელაგს ახასიათებს.

ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდომ 2019 წელს გამოაცხადა, რომ დედაქალაქი ჯაკარტადან გადაინაცვლებს, რადგან ქალაქი მოსახლეობით გადატვირთულია და თანდათან იტბორება. Uber-ის კვლევის მონაცემებით, ჯაკარტას მძღოლები წელიწადში 22 დღეს საცობებში ატარებენ, რაც აზიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალი დედაქალაქის მშენებლობა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტი COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო. მისი მშენებლობა კუნძულ კალიმანტანზე ნულიდან დაიწყო.

ვარაუდობენ, რომ ქალაქი ჯაკარტა, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ინდონეზიის ბიზნეს-ეკონომიკურ ცენტრად დარჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ