ბელგიაში ერთჯერადი პლასტმასის სხვადასხვა ნაწარმის რეალიზაცია მიმდინარე კვირიდან აიკრძალა. RetailDetail-ის ცნობით, აკრძალვა ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციაა და ეხება პლასტმასის ბამბის ჩხირებს, დანა-ჩანგალს, თეფშებს, საწრუპებს, კოქტეილის ამრევებს, წვეულების ბუშტის ჯოხებს, კონტეინერებსა და აქაფებული პოლისტიროლისგან დამზადებულ ჭიქებს, მათი ხუფების ჩათვლით. ასევე, აიკრძალა აქაფებული პოლისტირონისგან დამზადებული სწრაფი კვების პროდუქტების კონტეინერები და ოქსო-დეგრადირებადი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია.
აკრძალვა არ შეეხება აფთიაქებში გასაყიდ პლასტმასის საწრუპებს, რომლებიც საკვების ან სასმელის მიღების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.
ასევე, გამონაკლისი ჩამოთვლილი პლასტმასის პროდუქციის არსებული მარაგების რეალიზაციაზე დაიშვება.
გარდა ამისა, პროდუქტის ოთხი კატეგორია გაიყიდება ეტიკეტით, რომელიც პლასტმასის არსებობასა და გარემოზე მის ზეგავლენაზე მიუთითებს. მათ შორის არის ჰიგიენური საფენები, ტამპონები და ტამპონების აპლიკატორები, ასევე, პირადი ჰიგიენის სველი ხელსახოცები, ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმი და ცალკე ფილტრები ამ ნაწარმისთვის.
მომავალი წლის დასაწყისში მაღაზიებში პლასტიკური ჩანთებიც აიკრძალება. თუმცა ძალიან მსუბუქი და მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკური ჩანთები, რომლებიც კონკრეტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ასევე, აეროპორტებში უსაფრთხოების მიზნით გამოყენებული პლასტმასის ჩანთები კვლავ დაიშვება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ