შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის დაწყების მოლოდინში, ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. ფედრეზერვმა გუშინ მიანიშნა, რომ აქტივების შესყიდვის პროგრამას მარტში დაასრულებს და მაშინვე დაიწყებს დოლარზე განაკვეთის აწევას.
ამერიკის ცენტრალური ბანკი, პოლიტიკის ნორმალიზაციას ინფლაციასთან ბრძოლისთვის იწყებს. ეს დოლარის გამყარებას იწვევს. ნავთობი კი დოლარშია დენომინირებული, რაც ნიშნავს, რომ დოლარის გამყარება, სხვა ვალუტების მომხმარებელ ქვეყნებს ნავთობს გაუძვირებს. ამას კი დიდი ალბათობით, ნავთობზე მოთხოვნის კლება უნდა მოჰყვეს.
ოთხშაბათის 2-პროცენტიანი გაძვირების შემდეგ, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 0.6 პროცენტით, 89.44 დოლარამდე შემცირდა. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმაც 0.6 პროცენტით დაიკლო და 86.34 დოლარამდე ჩამოვიდა.
ფედრეზერვის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ზრდა დაიწყო სახაზინო ბონდების მომგებიანობამ, რასაც დოლარის ინდექსის ზრდა მოჰყვა. ინდექსი 96.604-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ხუთი კვირის მაქსიმალური მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს ბრენტ მარკის ნავთობის ფასმა 90 დოლარს მიაღწია, რაც შვიდ წელიწადში პირველად მოხდა. გაძვირების მთავარი მიზეზი, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ზრდაა. რუსეთი მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი მომპოვებელია და ბაზრები შიშობენ, რომ უკრაინასთან ომის შემთხვევაში, ბაზარზე მიწოდების სფეროში დეფიციტი შეიქმნება.