რუსეთის საფონდო ბირჟაზე კვლავ არასტაბილური მდგომაროებაა. „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მიუღებლობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების ფონზე, ერთის მხრივ, დოლარი 77,78 რუბლამდე (-1,64 რუბლამდე) დაეცა, ამასთან, მოიმატა ბაზრის მთავარი „სბერბანკისა“ (+5,7%) და „გაზპრომის“ (+6,8%) აქციებმა. თუმცა მეორე მხრივ, გაუფასურდა ისეთი კომპანიების აქციები, როგორი არის სამთომომპოვებელი კომპანია Polymetal (-7,8%), PJSC Polyus (-3,6%), Yandex (-0,7%), Norilsk Nickel (-0,1%).
უკრაინის საკითხზე რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების გამო, ორშაბათიდან რუსული აქტივები კლებას განაგრძობს. CNBC-ის ცნობით, კვირის დასაწყისში ევროპაში, MOEX (მოსბირჟის) რუსეთის ინდექსი, დაახლოებით, 5.9%-ით, რუსული RTS ინდექსი კი დღეში 8.1%-ით დაეცა.
ამასთან, ორშაბათიდან რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 2.5%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი 79.17 რუბლად ივაჭრებოდა, რაც 2020 წლის ბოლოდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ატლანტიკური საბჭოს უფროსი თანამშრომელი და სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ანდერს ასლუნდი Twitter-ზე წერს, რომ რუსული აქტივები შესაძლოა, კიდევ უფრო დაეცეს.
„ჯერჯერობით, რუსული RTS საფონდო ინდექსი დოლარში მხოლოდ 27%-ით დაეცა, 27 ოქტომბრის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, ვიდრე პუტინი უკრაინას დაემუქრებოდა. საფონდო ინდექსი კიდევ უფრო დაეცემა. მაგალითად, 2008 წლის მაისიდან ოქტომბრამდე ის 80%-ით დაეცა, როცა საქართველოში ომსა და გლობალურ ფინანსურ კრიზისს ჰქონდა ადგილი,” - წერს ანდერს ასლუნდი.
Reuters-ის ცობით, კვირის დასაწყისში ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan-მა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, რუბლში დარჩენილი ყველა გრძელი პოზიცია ზარალით დახურა. „გაზპრომისა“ და სახელმწიფო კრედიტორის, VTB-ის აქციები, თითქმის, 7%-ით დაეცა, ხოლო ევროს კურსი 89 რუბლს გასცდა. რუბლის დაცემის ფონზე, რუსეთის ბანკმა ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვები შეაჩერა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ