საქართველოში, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. მიუხედავად ამისა, რესტორნები: ,,შავი ლომი“, ,,ნინიას ბაღი“ და კაფე ,,ლეილა“ მოქალაქეებს მხოლოდ აცრის ან ტესტის დამადასტურებელი მოწმობით მიიღებენ - ამის შესახებ ,, ბიზნესპრესნიუსს“ რესტორნების დამფუძნებელმა, მერიკო გუბელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, ინფიცირების პიკის ფონზე, რას ემყარება საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება.
,,რამ მისცა ბიძგი ჩვენს მთავრობას და რატომ გადაწყდა კოვიდ პასპორტების გაუქმება დღეს, როცა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25 000-ია, ლოგიკაში ვერ ვაჯენ, აბსურდია, ისე როგორც სხვა, დანარჩენ მათ გადაწყვეტილებებს. სანამ თვითონ არ დავინახავ, რომ დასრულდა პანდემია და უსაფრთხოდ ვართ, გავაგრძელებთ კოვიდ პასპორტებით მუშაობას, ცალსახად ასე იქნება.
მაშინ, როცა სავალდებულო არ იყო კოვიდპასი, არაერთი უცხოელი გვწერდა და გვეკითხებოდა, მოქმედებდა თუ არა მსგავსი რეგულაცია ჩვენთან და მადლიერები იყვნენ მწვანე სივრცისთვის. ასევე, საქართველოს არაერთი მოქალაქეც. ანტივაქსერების მცირე ჯგუფის გარდა, უარყოფითი დამოკიდებულება არავის ჰქონია. სიმართლე რომ ითქვას, ისინი, ისედაც არ არიან ჩვენი სეგმენტი, ასე რომ, არც კლიენტები დაგვკლებია. ვაგრძელებთ მუშაობას ისევ ისე, როგორც პასპორტის ვალდებულოობის პერიოდში იყო - ჩვენთან „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ შემოხვალთ“, - განუცხადა მერიკო გუბელაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.
ინფორმაციისთვის, სექტემბრის დასაწყისიდან როცა ქვეყანაში კოვიდპასი ჯერ კიდევ არ მოქმედებდა რესტორნებმა „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „კაფე ლეილა“ სტუმრების მიღების წესები შეცვალეს. დაწესებულებები მხოლოდ აცრილ, ანტიგენ ან PCR ტესტის პასუხის მქონე სტუმრებს მასპინძლობენ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.