ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (WSU) მეცნიერმა, ვიკრამ იადამამ გადამუშავებული თხილის ნაჭუჭისგან ავეჯის დამზადების მეთოდს მიაკვლია. ინფორმაციას AgroXXI ავრცელებს.
თხილის მოსავლის გარჩევის შემდეგ, საწარმოებში ბევრი ნაჭუჭი რჩება. ეს თხელი და მყარი, ნელა დაშლადი მასალაა, რასაც ხშირად ყრიან, თუმცა ამერიკელი მეცნიერის გამოგონების მიხედვით, კარადების, მაგიდებისა და ავეჯის სხვა ნივთების მყარი პანელების დასამზადებლად გადამუშავებული თხილის ნაჭუჭი შესანიშნავი მასალაა.
WSU-ს კომპოზიტური მასალების საინჟინრო ცენტრში ვიკრამ იადამა და მკვლევართა გუნდი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, როგორიც არის ნაჭუჭი, ბოჭკოები და მარცვლეულის ღეროები ფისით გამაგრებულ არქიტექტურულ და დეკორატიულ პანელებად გადააქცევენ. ტექნოლოგიით უკვე დაინტერესდა დაპრესილი ბოჭკოვანი პანელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც, ასევე, თხილის ნაჭუჭის გამოყენებას ტესტავს.
„მაგიდებისა და კარადებისთვის პანელების დამზადების პროცესში რამდენიმე ასპექტი მეტად მნიშვნელოვანია. პანელები საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რომ დატვირთვას გაუძლოს. ასევე, მათ უნდა დაიჭირონ ხრახნები ან შემკრავი დეტალები, დროთა განმავლობაში წონის გამო მინიმალურად დრეკადი და, რა თქმა უნდა, ლამაზი უნდა იყოს,“ - აცხადებს ვიკრამ იადამა.
მისი თქმით, თხილის ნაჭუჭი ეკოლოგიურად სუფთაა. ამასთან, მისი პანელები მყარი, ადვილად წარმოებადი და ლამაზია. ეს კომბინაცია პანელების პროტოტიპებს მოწითალო ყავისფერს ანიჭებს.
„ნაჭუჭი უამრავ ნახშირბადს შეიცავს. როდესაც მათ დაშლას აჩერებთ, ნახშირბადის გამოყოფასაც აყოვნებთ. თუ ჩვენ შევძელით, ნაჭუჭების ნაგავსაყრელზე მოხვედრა აღმოვფხვრათ და ამავდროულად, უფრო მეტ ხეს გავზრდით, ეს ციკლი გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვეხმარება,“ - აცხადებს მეცნიერი.
ამჟამად გუნდი პანელებში ბუნებრივი ინგრედიენტების ოდენობის მაქსიმალურად გაზრდასა და ფისის ოდენობის მინიმუმამდე დაყვანაზე მუშაობს. მკვლევარების მიზანია, საბოლოოდ ბიოზე დაფუძნებული, ნახშირბადნეიტრალური ფისი გამოიყენონ.
ვიკრამ იადამას პროექტის ზამთარში დასრულება სურს. ის პროდუქტთან ერთად, მოწყობილობის პროტოტიპს ავითარებს, რომ მისი გამოყენება კომერციულ მასშტაბებამდე გაზარდოს და წარმატების შემთხვევაში, მომხმარებელი მალე თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული მაგიდის ან სკამის შეძენას შეძლებს.
„ეს ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის საოცარი გამოცდილება იყო. არქიტექტურისა და დიზაინის კლიენტები ჩვენს მიერ დემონტრირებული პროტოტიპებით აღფრთოვანებული არიან. ჩვენ მოველით, რომ როცა ახალი ტიპის მასალა წარმოებისთვის მზად იქნება, მას დიდი წარმატება მოყვება,“ - აცხადებს ვიკრამ იადამა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ