„ცუდია, რომ მაღალია ინფლაცია, თუმცა რომ არ მყარდებოდეს ლარი, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა“,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გამყარებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ქვეყანაში ეკონომიკის გახსნა, ექსპორტის ზრდა და პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება ინფლაციას, როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ეს განპირობებულია მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტით, რაც საქართველოზე არ არის დამოკიდებული.
„კრიზისის დროს ნამდვილად კარგია, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება. განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, რადგან ეროვნული ვალუტა რომ უფასურდებოდეს, იმპორტი კიდევ უფრო გაგვიძვირდება. ცუდია, რომ მაღალი ინფლაციაა, თუმცა რომ არ მყარდებოდეს ლარი, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.
რა ამყარებს ლარს - აქ მთელი რიგი ფაქტორებია, პირველი, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება, 2021 წლის გაზაფხულიდან ეკონომიკა გაიხსნა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნიკალურები არ ვიყავით, მაგრამ ყველა ქვეყანამ ვერ გაბედა ეს. საქართველოს მთავრობამ აიღო ეს რისკი და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რისკმა, ამ კუთხით, გაამართლა და დაფიქსირდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდა, 10, 6%, 2021 წელს. ანუ პირველი საფუძველი არის ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა ექსპორტი, ეს კი მოგეხსენებათ, ქვეყანაში იწვევს ვალუტის შემოდინებას, გამოცოცხლდა ტურიზმი (ბუნებრივია, ეს არ არის 2019 წლის ნიშნულის დაბრუნება). ამასთან, გაჩნდა ასეთი მოლოდინი, ლარი მყარდება, ამიტომ ვისაც აქვს სურვილი, რომ იყიდოს დოლარი, არ ჩქარობს, ელოდება კიდევ უფრო მეტ გამყარებას, რომ უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.
და რა თქმა უნდა, აღსანიშნავია რეფინანსირების სესხების შემცირება, მაგრამ იმავდროულად, ჩნდება კითხვა, თუ ფულის მასა შემცირდა, რატომ გვაქვს ინფლაცია მაღალი? თითქოს წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სამწუხაროდ, წლიური ინფლაცია დეკემბერში დაფიქსირდა 13,9%, ეს მართლაც ძალიან მაღალი ინფლაციაა, მაგრამ მთელი პრობლემა ისაა, რომ ეს ინფლაცია მთელი თავისი ბუნებით არ არის მაკროეკონომიკური პრობლემა. ყველა უშვებს შეცდომას, რომ ინფლაციის მოთოკვა უნდათ მაკროეკონომიკური მეთოდებით. ასეთი მოკრძალებული შეხედულებები იყო ჯერ კიდევ 2021 წელს, მაგრამ ტრენდულად, შეხედულება, რა ბუნების არის ეს ინფლაცია, ჩამოყალიბდა მხოლოდ 2021 წლის შემოდგომაზე და ახლაც მიმდინარეობს ეკონომისტებს შორის ამაზე სერიოზული დისკუსია. ამ ინფლაციის უკან დგას მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტა. ანუ, შემცირდა მიწოდება, მოთხოვნა კი არ გაზრდილა.
გლობალური ჯაჭვების წყვეტა კი გლობალურია და ეს საქართველოს არ ეხება. ანუ, ინფლაცია მსოფლიო პროცესია. აქ არის ორი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ უკვე 2022 წლის ზაფხულისთვის ინფლაცია შემცირდება იმიტომ, რომ აღდგება გლობალური ჯაჭვები, თუმცა მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ასე არ თვლიან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გაგრძელდება და საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ, რომ საუბარი არა ძველი ჯაჭვების აღდგენაზე, არამედ გლობალური მიწოდების ჯაჭვების ახალ გააზრებაზე. ახალი გააზრება რას ნიშნავს, მთელი რიგი წარმოება შეიძლება გადატანილ იქნეს იმ ქვეყნებიდან, სადაც წარმოების ხარჯები დაბალია, იმ ქვეყნებში, სადაც წარმოებს ხარჯები მაღალია. ანუ ეს ინფლაციას გაზრდის. ახლა ნახეთ ჩვენთან რა ხდება, ჩვენ ხომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვარ, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 80% იმპორტირებული საქონელია, ამ შემთხვევაში ჩვენთან კურსი რომ გარბოდეს, ლარი უფასურდებოდეს, კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია გვექნება“,- განაცხადა ლადო პაპავამ.