Coca-Cola-ს გლობალური შეფუთვების 25% 2030 წელს მეორადი გამოყენების იქნება

Coca-Cola-ს თავისი შეფუთვის 25% 2030 წლისთვის მთელ მსოფლიოში მეორადი გამოყენების ექნება. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი ჯგუფები, რომლებიც გამაგრილებელი სასმელების პლასტმასის შეფუთვაში მწარმოებელ კომპანიას აკრიტიკებენ, ახლა დადებითად აფასებენ. Coca-Cola მომხმარებლების, ინვესტორებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მთავარი სამიზნეა, რომლებიც ნავთობზე დაფუძნებული პლასტმასის ერთჯერადი ბოთლებით ოკეანეების დაბინძურებისა და სხვა პრობლემების გამო შეშფოთებული არიან.

გლობალური კოალიცია Break Free From Plastic-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა, 2021 წელს, ზედიზედ მეოთხე წელს, Coca-Cola (კოკა-კოლა) მსოფლიოში ყველაზე უარეს პლასტიკურ დამაბინძურებლად დასახელდა.

მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვა ისეთ კონტეინერებს გულისხმობს, რომლის ორიგინალური პროდუქტით შევსებას კომპანიები ან მომხმარებლები ხელახლა შეძლებენ. ასეთია, მაგალითად, გაზიანი სასმელების მრავალჯერადი კონტეინერები, მინისა და პლასტმასის ბოთლები, რომელთა ხელახლა შევსება ან უკან დაბრუნება იქნება შესაძლებელი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ამ პროცესში არაკომერციული ფონდის, Ellen MacArthur Foundation-ის ხელახლა გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს Coca-Cola-ს შეფუთვების 16% ხელახლა გამოყენებადი იყო, რა დროსაც კომპანიის მინისა და პლასტმასის მეორადი გამოყენების კონტეინერების 90% შეგროვდა.

„თუ Coca-Cola თავის ახალ მიზანს მიაღწევს, გაადვილდება უფრო დიდი მიზნის მიღწევაც, რასაც ჰქვია „სამყარო ნარჩენების გარეშე.“ ჩვენ განზრახული გვაქვს, 2030 წლისთვის ყოველ გაყიდულ ერთეულზე თითო ბოთლი ან ქილა დავიბრუნოთ,“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს ქუინსი.

ადვოკატირების ჯგუფ Oceana-ის ბოლო გამოკითხვით, 10 ზრდასრული ამერიკელიდან 8 მხარს უჭერს სამთავრობო პოლიტიკას ერთჯერადი პლასტმასის შემცირების შესახებ.

Coca-Cola-მ, PepsiCo-მ და სხვა საერთაშორისო ბრენდებმა იანვარში პლასტმასის წარმოების შემცირებაზე გლობალური შეთანხმების დადება მოითხოვეს. პლასტმასის წარმოება ნავთობის ინდუსტრიის განვითარების მთავარი სფეროა.

Break Free From Plastic-ის პროგრამის ფარგლებში, 45 ქვეყანაში პლაჟები გაიწმინდა, რა დროსაც Coca-Cola-ს 20 000-მდე პროდუქტის ნარჩენი აღმოაჩინეს. ეს მაჩვენებელი მომდევნო ორი უმსხვილესი პლასტმასის დამაბინძურებლის, PepsiCo-სა და Unilever-ის ნარჩენების ერთიან რაოდენობაზე მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ