უკვე 2 წელზე მეტია, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. პანდემიამ ეკონომიკის ყველა სფეროს განვითარებაზე მოახდინა გავლენა და გარკვეული ცვლილებების გატარება გახდა საჭირო. მაგალითად, დისტანციურად მუშაობა და სწავლა ნორმა გახდა, მილიონობით ადამიანმა კი საზღვარგარეთ მოგზაურობას შვებულების საკუთარ ქვეყანაში გატარება არჩია.
კორონავირუსის პანდემიამ დასაქმებულთა შემოსავლებზეც იქონია გავლენა. თუ პანდემიის დაწყებამდე თითქმის ყველა სფეროში ხელფასები თანაბრად იზრდებოდა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ანაზღაურების ზრდა შეჩერდა, ზოგიერთ სფეროში კი შემცირდა კიდეც.
გამოცემა CNN დასაქმების ღირებულების ინდექსს (Employment Cost Index) აქვეყნებს, სადაც 2019 წელთან შედარებით ხელფასების ცვლილებებია ასახული. აღსანიშნავია, რომ კვლევისას გათვალისწინებულია ინფლაციის მაჩვენებელიც, რადგან ზოგიერთ სფეროში ხელფასების მცირედი ზრდის მიუხედავად, ფასები ძალიან არის გაზრდილი.
რეიტინგის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ყველაზე მეტად დასვენებისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასები გაიზარდა და მისმა ცვლილებამ +2% შეადგინა.
რეიტინგში მეორე ადგილს საცალო ვაჭრობაში დასაქმებული პირები იკავებენ, სადაც მოლარეები და მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები არიან. ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ხელფასი საშუალოდ 1.2%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება შემოსავლების შემცირებას, CNN-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ფინანსურ სექტორში დასაქმებული პირები, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტები და მენეჯერები დაზარალდნენ.
მსოფლიოს მასშტაბით, ხელფასის შემცირება ასევე საგრძნობია სამშენებლო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.