YouTube წელს ვიდეოებიდან ნივთების შეძენის ფუნქციას ჩაუშვებს. პლატფორმაზე შოპინგ ფუნქციის დანერგვა კომპანიისთვის „ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შესაძლებლობაა.“ ამის შესახებ სერვისის პროდუქტების დირექტორმა, ნილ მოჰანმა სერვისის ბლოგზე ისაუბრა.
ვიდეოსერვისმა Live Shopping ფუნქცია გასული წლის ნოემბერში ღიად დატესტა. YouTube-ის მომხმარებლებს შეეძლოთ, ცნობილი ინფლუენსერების პირდაპირი ეთერების დროს ეშოპინგათ, როგორიც არის პატრიკ სტარი და ჯეკი აინი, შეფ-მზარეული გორდონ რამზი და სხვა YouTube ბლოგერები.
ამჟამად სერვისი ჩვეულებრივ ვიდეოებში, პირდაპირ ეთერებსა და მოკლე ვიდეოებში, ანუ Shorts-ებში სპეციალური ტეგებით მონიშნული პროდუქტების შეძენის ფუნქციას ამუშავებს. YouTube-ის მფლობელ Google-მა მსგავსი ფუნქცია პროექტ Black Owned Friday-ში განახორციელა.
ვიდეოსერვისმა, ასევე, Shorts განყოფილებაში მომავალი სიახლეები დააანონსა: გაჩნდება კომენტარების დატოვების ფუნქცია, ხოლო კონტენტის შემქმნელები კომენტარებზე პასუხს ვიდეოების გამოყენებით შეძლებენ და ვიდეოს რედაქტირების ახალი შესაძლებლობაც ექნებათ. განახლდება YouTube Live-იც და კრეატორები პლატფორმაზე ერთობლივ მაუწყებლობას შეძლებენ.
სერვისმა, ასევე, ტელევიზორში ტელეფონის დახმარებით YouTube-ის გამოყენების ახალი ფუნქცია დააანონსა: მომხმარებლები ტელევიზორში ვიდეოების ყურებასა და გაზიარებას, ასევე, კომენტარების დატოვებასა და წაკითხვას სმარტფონების გამოყენებით შეძლებენ.
პარალელურად, პლატფორმა მეტავერსის ინოვაციას ავითარებს, რაც, პირველ რიგში, თამაშებს შეეხება.
„ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ თამაშებში მეტი ურთიერთქმედება ჩავნერგოთ და ისინი უფრო ცოცხალი გავხადოთ,“ - აცხადებს ნილ მოჰანი.
როგორც წესი, მეტავერსს მჭიდროდ უკავშირდება NFT-იც, ამიტომ YouTube მომხმარებლებისთვის ამ სფეროშიც ავითარებს ახალ შესაძლებლობებს. სერვისი იმედოვნებს, რომ მომხმარებლებს უნიკალური ვიდეოების, ფოტოებისა და თუნდაც ხელოვნების ნიმუშების დაუფლების საშუალებას მისცემს.
YouTube-მა ვიდეოს საშუალებით საქონლის ყიდვის ფუნქცია ჯერ კიდევ 2020 წელს დატესტა. მანამდე სერვისმა განაცხადა, რომ ბრენდების პროდუქციის ნახვის ფუნქციას მათ სარეკლამო რგოლებს დაამატებდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პლატფორმა ვიდეოებიდან საქონლის პირდაპირი შესყიდვის ფუნქციას ამუშავებდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ