ცოტა ხნის წინ ჩინეთში კიდევ ერთი საინტერესო და ეკო-მეგობრული პროექტი განხორციელდა. შენობა, რომელსაც „ვერტიკალური ტყე“ უწოდეს, უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, სადაც ცხოვრება 500-მდე ადამიანს შეუძლია.
შენობის ფასადების, სახურავისა და აივნების დიდი ნაწილი გამწვანებას ეთმობა. საერთო ჯამში, საცხოვრებელ კორპუსში 5 000-მდე ხე, ბუჩქი, ყვავილი და სხვა მცენარე იზრდება.
„ვერტიკალური ტყე“ ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ჰუანგანგში, ვუჰანიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული მცენარეები წელიწადში საშუალოდ 20 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავენ და 10 ტონა ჟანგბადს გამოიმუშავებენ, რაც ადგილობრივების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
პროექტის ავტორი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი სტეფანო ბოერია, რომელსაც უკვე არაერთი საინტერესო შენობა აქვს დაპროექტებული.
„საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ ურბანულ სივრცეში იცხოვრონ და ამასთან მიიღონ ის სიამოვნება და უპირატესობა, რაც ბუნებასთან სიახლოვეს აქვს“- აცხადებს ის.
აღსანიშნავია, რომ „ვერტიკალური ტყე“ არქიტექტორ სტეფანო ბოერის ერთადერთი ეკო-მეგობრული პროექტი არ არის. უკვე წლებია, რაც ის პარალელურად მუშაობს ლიუჟოუ ტყე-ქალაქზე (Liuzhou Forest City), სადაც არამხოლოდ ერთი კომპლექსი, არამდე ქალაქის მთლიანი უბანი აშენდება.
ცნობილია, რომ დღესდღეობით ლიუჟოუ მსოფლიოს სმოგით ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად მიიჩნევს, რის გამოც პროექტისტვის სწორედ ის შეარჩიეს.
ქალაქის ახალ უბანში 30 000-მდე ადამიანი შეძლებს ცხოვრებას, კომპლექსის გარშემო კი მილიონი ხე დაირგვება.