"მწვანე პასპორტის" რეგულაციის მოხსნამ და კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებამ, ბავშვთა გასართობ ცენტრებში მომხმარებელთა ნაკადი ნაწილობრივ აღადგინა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განუცხადა.
მთიულიშვილის თქმით, როგორც მის, ასევე სხვა გასართობ ცენტრებშიც მომხმარებლის ზომიერად მზარდი დინამიკაა.
"მკვეთრი ზრდა ნამდვილად არ არის, თუმცა ბოლო ერთი კვირაა, ზომიერად მზარდი დინამიკა შეინიშნება ყველა გასართობ ცენტრში. ინფიცირების შემცირებისა და "მწვანე პასპორტების" მოხსნამ ტვირთი შედარებით შეგვიმსუბუქა.
ზოგადად, თუკი ინფიცირების შემცირება გაგრძელდება, გაზაფხულისთვის ველოდებით მაქსიმალურ დატვირთვას, მაგრამ ზუსტი პროგნოზი, არასტაბილური ვითარების გამო, მაინც მიჭირს. ზაფხულისთვის როგორც წესი, ისედაც იკლებს ხოლმე ვიზიტები”, - ამბობს მთიულიშვილი.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ერთი თვის, წინ გასართობი ცენტრების მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესებული იყო. კერძოდ, მშობლების უმრავლესობას "მწვანე პასპორტის" არქონის გამო შვილები ცენტრებში არ მიჰყავდათ, რამაც სექტორში არსებული კრიზისული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.