„1998 წლის კრიზისი გაამრავლეთ სამზე!“ - ოლეგ დერიპასკა რუსეთის ეკონომიკაზე

რუსეთი უახლოეს სამ წელიწადში "სასტიკ" კრიზისში ჩავარდება. ამის შესახებ მილიარდერმა, ოლეგ დერიპასკამ კრასნოდარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რაც სოციალურ ქსელ VK-ზე გადაიცემოდა.

„1998 წლის კრიზისი გაამრავლეთ სამზე! აქამდე ასეთი გამოწვევის წინაშე არასდროს ვყოფილვართ, რაც, ჩემი გამოცდილებით, სხვებზე უკეთ მესმის. ხშირად მეკითხებიან, დაუშვებენ რკინის ფარდას თუ არა. ფაქტი ის არის, რომ ის უკვე დაშვებულია,“ - აცხადებს რუსი ოლიგარქი.

დერიპასკას თქმით, ახლა რუსეთს „ამ ფარდის ხელახლა გახსნა" მოუწევს და ქვეყანას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე პარტნიორი დარჩა. კრიზისის დასაძლევად მთავარ და პირველ ნაბიჯად დერიპასკა „კომპრომისის საფუძველზე მშვიდობის მიღწევას“ ასახელებს და ეს, მისი თქმით, რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესია.

„მე მთხოვენ, არ ვისაუბრო ამ თემაზე. მეც ძალიან მინდა, რომ მშვიდობა დამყარდეს, თუმცა ყოველდღე მხოლოდ აბსოლუტური დანაკარგი გვაქვს, ”- ამბობს ოლიგარქი.

მისი თქმით, კომპრომისით მშვიდობის მიღწევის შემდეგ, მეორე ნაბიჯი უნდა იყოს გულწრფელი დისკუსია, თუ სად, როგორ და რა პირობებში ცხოვრობს რუსეთის საზოგადოება, ვინ რა ბრძანებებს იძლევა და რა რისკებს ატარებს.

„მოსახლეობას მხარდაჭერა სჭირდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხალხზე მკაცრი ფინანსური წნეხის დიდი მოწინააღმდეგე ვარ, რადგან მას არაფერი დაუშავებია,“ - ამბობს ოლეგ დერიპასკა, რომელიც რუსულ ბიზნესს მოუწოდებს, თავისი სათქმელი თქვას.

„სახელმწიფო კაპიტალიზაციის თემა უნდა დაიხუროს. სამ კვირაში გავიგებთ, თუ რა დარჩება სახელმწიფო ბანკებისგან,“ - აცხადებს ოლიგარქი.

ოლეგ დერიპასკა ერთ-ერთი პირველი რუსი მილიარდერია, რომელმაც ახლახან რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა.

„მშვიდობა მეტად მნიშვნელოვანია! მოლაპარაკებები რაც შეიძლება, მალე უნდა დაიწყოს,“ - წერს Telegram არხზე რუსი ოლიგარქი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ