ქვანახშირი, განახლებადი რესურსები, იმპორტი - როგორ აპირებს ევროპა რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ აგრესორ ქვეყანას საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესა. რუსეთი გამოთიშეს საბანკო სისტემიდან, აუკრძალეს ფრენები, სულ ოლიგარქებს ჩამოერთვათ ქონება, რუსული ბაზარი დატოვა უამრავმა ბრენდმა და ა.შ.

თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ევროპაზეც მტკივნეულად აისახება - კონტინენტი დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. ევროპაში გაზისა და ნავთობის 40% სწორედ რუსეთიდან შედის. ამ აუცილებელი რესურსების გარეშე კი კონტინენტის ქვეყნებს არსებობა ძალიან გაუჭირდებათ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია იმდენად მძიმე და აღმაშფოთებელია, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან უარი თქვან რუსეთისგან ყველანაირი რესურსის მიღებაზე. გამოცემა Euronews სტატიაში განიხილავს იმ საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ევროპა რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულისგან თავის დაღწევას აპირებს.

გათხევადებული ბუნებრივი აირი

რუსეთის შემდეგ ევროკავშირში გაზის უმსხვილესი იმპორტიორი ნორვეგიაა. გამოცემა წერს, რომ ნორვეგიას შეუძლია იმაზე მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპის ქვეყნებს, ვიდრე დღესაა.

თუ რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე უარს იტყვის, მაშინ აუცილებელი გახდება ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის გემებით ჩატანა აშშ-დან.

ამასთან, გერმანია აპირებს გათხევადებული ბუნებრივი აირი ყატარისგანაც შეიძინოს, იტალიამ კი ალჟირისგან შეძენილი გაზის რაოდენობა გაზარდოს.

ქვანახშირი

იმის მიუხედავად, რომ ევროპა უკვე წლებია ქვანახშირის დაწვით მიღებული ენერგიის შემცირებას ეკოლოგიური მიზნებით ცდილობს, რესურსების დეფიციტის გამო შესაძლოა, მისი წილი კვლავ გაიზარდოს.

შესაბამისად, რესურსების კრიზისის შემთხვევაში ევროკავშირის გეგმა 2030 წლისთვის კარბონ-ნეიტრალურობას მიაღწიოს, შესაძლოა, ვეღარ განხორციელდეს.

განახლებადი ბუნებრივი რესურსები

2 ათწლეულზე მეტია ევროპის მასშტაბით ცდილობენ ენერგია განახლებადი რესურსებიდან მიიღონ და წლიდან წლამდე მისი ხვედრითი წილი იზრდება. მზის, ქარისა და წყლის რესურსებისგან ელექტროენერგიის მიღება ყველაზე ეკოლოგიური საშუალებაა.

მზის პანელები, ქარის ელექტროსადგურები და ჰესები არის ის საშუალებები, რომლებიც ევროპას რუსეთის რესურსებზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.

ბექა ბერიაშვილი