კობახიძემ თქვა ანტიდისკრიმინაციული კანონის გამკაცრებით რუსებს დავიცავთო - ვის რას მივყიდით, მივაქირავებთ ან გამოვუცხობთ, ხალხის გადასაწყვეტია და არ არის მთავრობის საქმე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ უცნაურია იმ დროს, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, საქართველოში ამ საკითხზე მსჯელობენ.
„ძალიან უცნაურია ამ მძიმე დროს, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვარჩევდეთ აქვს თუ არა უფლება ტორტის მცხობელს გეი წყვილს უარი უთხრას ტორტის გამოცხობაზე, ამას ეხება კანონპროექტი, შეუძლია თუ არა კომერციულ დაწესებულებას, უარი უთხრას ვიღაცას რაღაცის გაკეთებაზე და ამას არქმევენ დისკრიმინაციას, სინამდვილეში ეს ამასთან არაფერ კავშირშია. დასავლეთი ამაზე არ დგას რასაც ჩვენ ახლა გვტენიან თითქოს დასავლეთში შესვლის სანაცვლოდ, დასავლეთი დგას მესაკუთრეობაზე, თავისუფალ სასამართლოზე და თავისუფალ საზოგადოებაზე და ის ხელოვნური მომხმარებელთა უფლებები არაფერთან შუაშია, მითუმეტეს, როგორც ეს კობახიძემ განმარტა, ამით დავიცავთ რუსებსო, ამით ამბობენ, რომ ქართველ ბინის გამქირავებელს ან მცხობელს არ ექნება უფლება უარი უთხრას რუსს ბინის გაქირავებაზე ან ხაჭაპურის გამოცხობაზე, ვის რას მივყიდით, მივაქირავებთ ან გამოვუცხობთ ხალხის გადასაწყვეტია და არ არის მთავრობის საქმე,"- განაცხადა ხვიჩიამ.