ლევან სილაგავა - თუ მოხდა ფასის დინამიკის ზრდა, მაშინ პურის ფასთან მიმართებაში მთავრობა გარკვეულ პროგრამებს აამუშავებს და ჩაერევა იმაში, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური

თუ მოხდა ფასის დინამიკის ზრდა, მაშინ პურის ფასთან მიმართებაში მთავრობა გარკვეულ პროგრამებს აამუშავებს და ჩაერევა იმაში, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური. ინსტრუმენტები დაზუსტდება. შეიძლება ეს იყოს ხორბლის სუბსიდირება, ან ფქვილში სუბსიდირება, ან პურთან მიმართებაში, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

ლევან სილაგავას თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, საქართველოში ხორბლის იმპორტი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ყაზახეთიდან გაძვირებული ფასით, სავარაუდოდ ერთ თვეში, ან თვე-ნახევარში დაიწყება, რაც შესაბამისად, პურის ფასზეც აისახება.

მისივე თქმით, საქართველოში ამ დროისთვის, ხორბლისა და ფქვილის 1 თვის მარაგია და ხორბლის ქვეყანაში შემოტანის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.

„ჩვენ ვაკეთებთ გადართვებს სხვა ბაზრებზე. ანუ ის, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის შედეგად რუსეთი სანქციების ქვეშ არის და ევროსა და დოლარის გადარიცხვები არ ხდება, შესაბამისად, ის რაც რუსეთიდან ახლა შემოვა, შემოვა ძველი კონტაქტებით. ამის შემდეგ კი უკვე გადართვები არის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ყაზახეთზე. ხორბლის გარეშე ქვეყანა არცერთ ვარიანტში არ იქნება. უბრალოდ, ეს შემოსვლები, რომლებიც ახლა შემოვა, იქნება, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი მსოფლიო ტენდენციიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეულ ვადაში ეს იქნება ალბათ, 1 თვე, ან თვენახევარი, შესაძლებელია, ეს გარკვეულწილად ბაზარზე აისახოს, თუმცა დღესდღეობით ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია.

ჩვენ გვქონდა ორი შეხვედრა ამ კვირაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მთავრობა ამ შემთხვევაში ამბობს, რომ თუ მოხდა ფასის დინამიკის ზრდა, მაშინ პურის ფასთან მიმართებაში მთავრობა გარკვეულ პროგრამებს აამუშავებს და ჩაერევა იმაში, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური. ინსტრუმენტები დაზუსტდება. შეიძლება ეს იყოს ხორბლის სუბსიდირება, ან ფქვილში სუბსიდირება, ან პურთან მიმართებაში. მეტი ინსტრუმენტი აქ არ არსებობს, ეს უნდა დაბალანსდეს ასეთი პროგრამებით," - განაცხადა სილაგავამ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.