იაპონია სახალინის ნავთობპროექტების დატოვებას განიხილავს

ტოკიომ შესაძლოა, ნავთობისა და გაზის სახალინის პროექტები დატოვოს. ამის შესახებ იაპონიის მრეწველობის მინისტრ კოიტი ხაგიუდამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ტოკიოს შეუძლია, გადადგას ასეთი ნაბიჯი, თუკი ეს უკრაინის ირგვლივ სიტუაციის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ერთი დღით ადრე მინისტრი აცხადებდა, რომ „სახალინ 1“ და „სახალინ 2“ „ფაქტობრივად, გაიყინება,“ რადგან პროექტებიდან Exxon Mobil და Shell გავიდნენ. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ „თუ სანქციები რუსეთზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, მაშინ პროექტების მიტოვება უაზრო ნაბიჯი იქნება.“

ამასთან, „ინტერფაქსის“ ცნობით, იაპონურმა სავაჭრო კომპანიებმა, Mitsui & Co-მ და Mitsubishi Corp-მა, რომლებიც „სახალინ 2“-ის პროექტში აქციებს ფლობენ, მისი დატოება არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ პროექტი ფუნქციონირებას განაგრძობს.

პროექტ „სახალინ 1“-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იაპონურმა კონსორციუმმა, Oil and Gas Development-მაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ