როდესაც აშშ-ში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ხალხი სახეებიდან პირბადეებს იშორებს, მთავრობები კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებენ და საზოგადოება საზაფხულო არდადეგებს გეგმავს, ჩინეთში ათობით მილიონი ადამიანი მკაცრი ჩაკეტვის რეჟიმს უბრუნდება, რაც გლობალურ პროცესებს აფერხებს და მოსახლეობაში ინდივიდუალურ იმედგაცრუებას იწვევს.
COVID-19 შემთხვევების მზარდმა რიცხვმა, რომელიც ჩინეთში Omicron ვარიანტმა გამოიწვია, მთავრობას ახალი შეზღუდვების მიღება აიძულა, რაც გამოიხატება ქვეყნის სწრაფ ჩაკეტვაში და სამოგზაურო შეზღუდვებში.
ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების ყოველკვირეული საშუალო რაოდენობა 1600-ზე მეტია - ყველაზე მაღალი 2020 წლის თებერვლის შემდეგ. ვირუსის გავრცელების ტემპი კი ყველაზე მაღალი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაშია, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ესაზღვრება.
ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯინ დონ-იანმა, Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველდღიურად 1000-ზე მეტი შემთხვევა სერიოზულია და სიფრთხილეს მოითხოვს.
შანხაიში, სადაც 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სკოლები და რესტორნები დაკეტილია.
ჩინეთის უახლესი შეზღუდვების გავლენა უკვე მსოფლიოშიც იგრძნობა. ზოგიერთი კომპანია იძულებული გახდა შეეჩერებინა ჩინეთთან ოპერაციები, რაც ახალ გაურკვევლობებს ქმნის სხვადასხვა პროდუქციის მიწოდების ჯაჭვებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელი მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაციის ორი დოზა, თუმცა ჩინეთში ამბობენ, რომ მოსახლეობის იმუნური დონე Omicron ვარიანტის მიმართ მაღალი ვერ აღმოჩნდა.
არაოპტიმისტური განწყობებია მოსახლეობაში. როგორც შენჟენის ერთ-ერთმა მკვიდრმა Reuters -ს განუცხადა, მას აღარ სჯერა, რომ არსებობს გზა Omicron ვარიანტის შესაჩერებლად.
”ერთადერთი გზა ვირუსის მიღებაა, ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდა და მოგზაურობებიც განახლდა, რატომ ვართ აქ ჩარჩენილი?",“- თქვა მან.
ჩინეთში ვარაუდობენ, რომ მომავალ ორ კვირაში გამოჩნდება, არის თუ არა ეფექტური მიღებული შეზღუდვები ვირუსის წინააღმდეგ.