თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განთავსებული 14 591კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც „რიყის დოქები“, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა.
აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. ყოველ შემდგომ აუქციონზე ფასი მცირდებოდა. ბოლო, მე-7 აქციონზე კი ობიექტი ეკონომიკის სამინისტრომ 10 მლნ ლარად გამოიტანა.