ლარში გაცემული კრედეტები გაძვირდა, უცხოურ ვალუტაში - შემცირდა

2022 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,3%-დან 16,4%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. 2021 წლის თებერვალში მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 11,7%-ს, ხოლო 2022 წლის თებერვალში უკვე 13,3%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 18%-დან 18,5%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება, თუმცა მინიმალური. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის თებერვალში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,4%-ს, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 6,5% იყო. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,7%-იან ნიშნულზე დარჩა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 6,2%-დან 5,5%-მდე შემცირდა.