ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებისთვის, რომლის იმპორტ-ექსპორტის მარშრუტები რუსეთზე გადიოდა, ტრანსკასპიური მარშრუტი ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი აღმოჩნდა. ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსკასპიური მულტიმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკის მარშრუტით (TMTR) დასავლეთისკენ 2022 წელს გადასაზიდად დაგეგმილი 30 000 TEU-ს (twenty-foot equivalent unit), ანუ ოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეული ტვირთის ნაკადი ახალ პირობებში შესაძლოა, გაორმაგდეს. მეტიც, როგორც ქვეყნის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, კაირბეკ უსკენბაევი აცხადებს, ყაზახი ექსპორტიორები წელს სხვა მარშრუტებიდან TMTR-ზე 2 მილიონ ტონამდე ტვირთის გადამისამართებას, 4 მილიონ ტონამდე გაზრდის პერსპექტივით გეგმავენ, მათ შორის ნავთობპროდუქტების, ლითონის პროდუქტებისა და ქვანახშირის.
ყაზახეთის მთავრობამ აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომელიც მარშრუტზე ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების განვითარების მიზნით, აქტაუს საზღვაო პორტში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში, საკონტეინერო ჰაბი შეიქმნება.
აქტიურობენ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიც: მაგალითად, საქონლის ტრანზიტზე ფასდაკლების უზრუნველყოფის შესახებ თურქმენეთთან, საქართველოსა და აზერბაიჯანთან უზბეკეთიც შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამ კვირაში Podrobno.uz-მა უზბეკეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილის, აზიზ ვოიტოვის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა.
მისი თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტებიდან საქონლის მიწოდება 30%-ით იაფად მოხდება. ხარჯები შემცირდება კასპიის ზღვაშიც, რადგან მიღწეულია შეთანხმება თურქმენბაშისა და ბაქოს პორტებთან ტრანსპორტის ხარჯების 50%-ით შემცირების შესახებ.
ამასთან, განცხადება გაავრცელა ტაჯიკეთის მთავრობამაც, რომ ტრანსპორტის სფეროში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთის თანამშრომლობით განსაკუთრებით არის დაინტერესებული. კერძოდ, ტაჯიკეთის ინტერესის სფერო 2 მარშრუტია: სარკნიგზო-საზღვაო ყარსი-თბილისი-ბაქო-აქტაუ-დაუთ-ათა-დუშანბე და სარკინიგზო დოგუბაიაზიტი-ბაზარგან-სერახს-ალათ-ტაშკენტი-დუშანბე.
თურქეთში ტაჯიკეთის ელჩმა, აშრაფჯონ გულოვმა Asia-Plus-ს განუცხადა, რომ ტაჯიკეთი, სტრატეგიული მიზნების განხორციელების, მათ შორის „საკომუნიკაციო ბლოკადიდან გამოსვლის“ მიზნით, ცენტრალურ აზიაში თანდათან სატრანზიტო ქვეყანა ხდება. ქვეყნის მთავრობა 2022-2026 წლებში 1000 კილომეტრზე მეტი გზის, 53 ხიდის, 7 გვირაბისა და 5 ზვავსაწინააღმდეგო დერეფნის აშენებას გეგმავს, რომელთა უმეტესობა საერთაშორისო დონისაა.
აღსანიშნავია, რომ სანქციებისა და სხვა სავაჭრო დაბრკოლებების ფონზე, ინდოეთი დსთ-ს ქვეყნებში ტვირთების მიწოდებას შავი ზღვის მარშრუტის გვერდის ავლით გეგმავს. ინფორმაციას Container News ავრცელებს. ამ მიზნით ქვეყანა ირანში ჩაბაჰარის, ჩინეთში ცინგდაოს პორტებსა და საქართველოს საზღვაო ნავსადგურებს გამოიყენებს.
ჩაბაჰარის პორტში ინდოეთი ორი ტერმინალის მშენებლობას აგრძელებს. ქვეყნის მთავრობა ამ პორტს დიდი ხანია, განიხილავს თავისი ტვირთების დსთ-ს ქვეყნებისთვის მისაწოდებლად, ჩინეთისა და ევროპის გვერდის ავლით, რადგან ირანის მარშრუტი ინდოეთს ლოგისტიკური ხარჯების 25%-ით შემცირების საშალებას მისცემს. რაც შეეხება ჩინურ ცინგდაოს, იქიდან დსთ-ს ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვას ინდოეთი სარკინიგზო ხაზით გეგმავს.
2021 წლის ბოლოს ინდოეთის ექსპორტი დსთ-ში, 2020 წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, 2021 წელს, კასპიის ზღვის რუსეთის პორტებში რუსეთ-ირანის კონტეინერების ნაკადი 12-16%-ზე მეტს არ შეადგენდა, რაშიც ინდოეთის ტვირთები თითქმის არ შედიოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ