ქვეყნები, რომლებიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ - რა შედეგი მიიღეს ექსპერიმენტიდან

4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის იდეა განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის დროს გახდა, როდესაც სამუშაო განრიგის დაგეგმვა და ადამიანებთან ნაკლები ფიზიკური კონტაქტის საჭიროება დადგა.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა სამუშაო საათების შემცირებას არ მოიაზრებს და დასაქმებულები ზუსტად იმდენივე საათს იმყოფებიან სამსახურში, თუმცა 5 დღის საქმეს 4 სამუშაო დღეზე საკუთარი სურვილის მიხედვით ანაწილებენ.

საინტერესოა, ვნახოთ რამდენად ეფექტურია მსგავსი სამუშაო განრიგი და რა გამოცდილება დაგროვდა იმ ქვეყნებში, რომლებიც უკვე გადავიდნენ ამ სქემაზე.

ბელგია

გასული თვიდან ბელგიის მოსახლეობას მიეცა უფლება 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ სურვილის შემთხვევაში. ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდერ დე კროოს თქმით, ეს საშუალებას მისცემს დასაქმებულებს საკუთარი განრიგი უკეთ დაგეგმონ და ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან მეტი დრო გაატარონ.

ბელგიაში კვირის განმავლობაში 36 სამუშაო საათია განსაზღვრული, შესაბამისად იმ დასაქმებულებმა, რომლებსაც 4-დღიან სამუშაო კვირაზე მოუწევთ გადასვლა, დღეში საშუალოდ 9-10 საათი უნდა იმუშაონ.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება 6-თვიანი საპილოტე პროგრამა, სადაც დასაქმებულებს შეეძლებათ კვირაში 4 დღე იმუშაონ.

საწყის ეტაპზე მსგავს პროგრამაში ჩართვა 30 კომპანიის წარმომადგენელს ექნებათ. საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ მოხდება მონაცემების ანალიზი და დადგინდება რამდენად იმუშავა მან.

ისლანდია

ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2015-19 წლებში კვირის განმავლობაში სამუშაო საათები 40-დან 36-მდე ოფიციალურად შეამცირა და მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ კვირაში 4 დღე ემუშავათ. მსგავს პროგრამაში მონაწილეობა 2 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

დასაქმებულთა შრომისუნარიანობა და მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გერმანია

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მოკლე სამუშაო საათებია. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მონაცემების მიხედვით, კვირის მანძილზე გერმანელები საშუალოდ 34.2 საათს მუშაობენ.

იმ გერმანელთა უმეტესობა, რომელიც კვირაში 4 დღის განმავლობაში მუშაობს, აცხადებენ, რომ მსგავსი განრიგი მათ პროდუქტიულობაზე უკეთესად აისახება.

ბექა ბერიაშვილი