უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შექმნილმა კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად არის ევროპა დამოკიდებულ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ევროკავშირის ქვეყნებს რესურსების მიწოდების შეჩერებით ემუქრება.
შესაბამისად, ევროპის ქვეყნებმა უკვე იმაზე დაიწყეს ფიქრი, რომ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანონ და განახლებადი რესურსებით ენერგიის მიღება გაზარდონ - წერს „ევრონიუსი“.
განახლებადი რესურსების მნიშვნელობა
უკვე ათწლეულებია, რაც მსოფლიოში მზის, ქარისა და წყლის რესურსების გამოყენებით ელექტროენერგიის მიღება დაიწყეს და მისი ხვედრითი წილი წლიდან წლამდე იზრდება. ამ დროსათვის მსოფლიოში მიღებული ელექტროენერგიის 10% განახლებად რესურსებზე მოდის, ძირითადად ჰიდრო-ელექტროსადგურებისგან მიღებული ენერგია. თუმცა აუცილებელია სხვა მიმართულებების განვითარებაც.
პოლიტიკური პროცესების გარდა, განახლებადი რესურსების განვითარება აუცილებელია ეკოლოგიისთვისაც. ყველასთვის ცნობილია, თუ რა ზიანს აყენებს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის მოხმარება პლანეტას.
ისლანდიისა და ნორვეგიის გამოცდილება
ისლანდია არის ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც განახლებადი რესურსებიდან მიღებული ენერგია ყველაზე მეტია, რასაც ქვეყანა ვულკანური წარმოშობის გეიზერებს უნდა უმადლოდეს.
ქვეყანაში ენერგიის 89% სწორედ განახლებადი რესურსებიდან არის მიღებული.
ისლანდიის შემდეგ განახლებადი რესურსების ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია ნორვეგიაში. ნორვეგიაში ენერგიის 49%-ს სწორედ განახლებადი რესურსებიდან იღებენ.
ქვეყნის მთიანი რელიეფიდან გამომდინარე საკმაოდ მოსახერხებელია დიდი კაშხლების მშენებლობა და ელექტროენერგიის ამ გზით მიღება.
ისლანდიასა და ნორვეგიას ალბანეთი ლატვია მოჰყვებიან, სადაც ენერგიის 42%-ს განახლებადი რესურსებიდან იღებენ. ალბანეთის შემთხვევაში ენერგიას ძირითადად ჰესებიდან იღებენ, ლატვიაში ნარჩენების გადამუშავებისგან.