საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კომპანია "კარფური" გაწევრიანდა

BAG-ის ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი "კარფური" შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

BAG-ის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით არსებული გამოწვევებისა, რომელიც აისახება ქართულ ეკონომიკაზე, უწყვეტად განაგრძობს ზრდას და განვითარებას.

„BAG-ის განვითარების საკვანძო/მთავარი ინსტრუმენტია ჩვენი წევრების გამოცდილება, რომელსაც გამუდმებით ვუზიარებთ ერთმანეთს და ასევე ერთობლივად ვპოულობთ კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზებს. დღეს მეტად სასიხარულო მატება გვაქვს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდა ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, "კარფური".

ასოციაციის ფორმატში აქამდეც აქტიურად ვმუშაობდით საცალო გაყიდვების ქსელებთან იმ პრობლემატიკაზე, რომელიც კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობაში წარმოექმნებათ, აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს სწორედ ასოციაციის აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საცალო ქსელებში სასურსათო პროდუქციის ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისგან გათავისუფლება, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო მათთვის. თუმცა გამოწვევები რჩება და ამ მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას" , - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1995 წელს კარფურის ბრენდი წარმოდგენილი იქნა Majid Al Futtaim-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ კომპანია კარფურის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ფრანგულ ბრენდს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 30 ქვეყანაში წარმოადგენს.

„უნდა აღინიშნოს, რომ "კარფურისთვის" 2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების მაღალი პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის 69 მაღაზიითა და 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.