მხოლოდ „შავი გზებით“ შეიძლება მოხვდეს რუსეთში პროდუქცია საავტორო უფლებების გარეშე - ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტმა გიორგი გუდაბანძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით, ის რუსეთის მთავრობის მიერ, პარალელური იმპორტის დაკანონებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული საქონლის მიმწოდებლებს საშუალება ეძლევა, პროდუქცია იმავე სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე გაყიდონ.
პარალელური, ანუ იგივე „რუხი" იმპორტი არის ტერმინი, რაც სასაქონლო ნიშნის მქონე პროდუქციის შეტანას ამ ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე ნიშნავს. ეს ხდება პარალელურად ამ საქონლის ოფიციალური იმპორტისა, რასაც ავტორიზებული დილერები ეწევიან.
როგორც გიორგი გუდაბანძე ამბობს, ამით ქართული კომპანიები არა, თუმცა შესაძლოა, კერძო პირები დაინტერესდნენ. თუმცა, წესით, საქართველოს საბაჟო არაეტიკეტირებულმა, შეუმოწმებელმა ტვირთმა ვერ უნდა გადალახოს.
„როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის არსებობდა და ალბათ, სულ იარსებებს იქ კანონის გვერდის ავლით ვაჭრობის ფაქტები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეული საფრთხე არის, რომ ჩვენი მხრიდან, ოფიციალური ექსპორტიორები და კომპანიები არა, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დაინტერესდნენ ამგვარი ვაჭრობით.
თუმცა, აქ ერთი მომენტია, ეს ტვირთი საქართველოს საბაჟოს ხომ გადის, უნდა დეკლარირდეს, რომ როგორც რუსეთში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში მოხვდეს. ამ შემთხვევაში ჩვენი საბაჟო უნდა იყოს ყურადღებით. ძალიან ბევრი რამე მოწმდება. შესაბამისად, მხოლოდ შავი გზებით შეიძლება მოხვდეს რუსეთში ასეთი პროდუქცია, თორემ რეალურად, როდესაც ბუნდოვანია, ვინ არის გამგზავნი, მიმღები, არ აქვს ეტიკეტი და ა.შ. კანონის მიხედვით, ჩვენთან საბაჟო ვერ უნდა გაიაროს. სხვა მხრივ, რუსეთი ამას დააკანონებდა თუ არა, იქ ფალსიფიცირებული პროდუქცია ყოველთვის შედიოდა“,- აცხადებს გიორგი გუდაბანძე.