ფრანგულმა Danone-მა რუსეთში მინერალური წყლის, Evian-ისა და მცენარეულ-ცილოვანი რძის, Alpro-ს შეტანა შეწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშში არის ნათქვამი.
„Danone-მა მიიღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი საქმიანობა რუსეთში,“ - წერს კომპანია, რომელმაც უკრაინის ომის გამო რძის, ბავშვთა და სამედიცინო კვების ძირითადი პროდუქტების პორტფელს გადახედა. Evian-ისა და Alpro-ს იმპორტის გარდა, Danone-მა რუსეთში ყველა ახალი ინვესტიცია, მათ შორის, რეკლამა და ბრენდის პოპულარიზაცია შეაჩერა.
ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში Danone-მა დააანონსა, რომ რუსეთის ბაზრის დატოვებას აპირებდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი კომპანიამ განაცხადა, რომ შეაჩერებდა ყველა საინვესტიციო პროექტს რუსეთში, თუმცა რძის პროდუქტებისა და ბავშვთა საკვების წარმოებას შეინარჩუნებდა.
მოგვიანებით Bloomberg-მა მოიპოვა Danone-ის საერთაშორისო სამმართველოს ხელმძღვანელ ვერონიკ პენჩიენატი-ბოსეტას მიერ კოლეგებისთვის მიწერილი მემორანდუმი, რომელშიც ის წერდა, რომ რუსეთიდან Danone-ის სრული გასვლით პუტინი ომს არ შეაჩერებდა, კომპანიის აქტივები კი კონფისკაციასა და რუსეთის ადმინისტრაციის კონტროლს დაექვემდებარებოდა, ასევე, კომპანიის მთელი მოგება ახალ მფლობელებს გადაეცემოდა.
5 აპრილს Danone-მა რუსეთის ბაზრის დატოვებაზე ინფორმაცია უარყო. ფრანგული Danone და Auchan იმ რამდენიმე უცხოურ კომპანიას შორის არიან, რომლებმაც რუსეთში დარჩენა გადაწყვიტეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ